- Advertisement -

ნოესუბნელი ბოშები – რა პრობლემები აქვთ ბოშებს ?!

ისინი არ უყურებენ ტელევიზორს, არ უსმენენ რადიოს, არ კითხულობენ… არ დადიან ბაღში, სკოლაში, არ იციან წერა-კითხვა, არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებშიც, როგორც მოქალაქეები არც თავად არიან ჩართული – ბოშები არ არიან სახელმწიფოსთან ინტეგრირებული, ეს ეთნიკური ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფია და „ციგნები“ – დამკვიდრებული სოციალური სტიგმა საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყულს ხდის მათ.

ბოშათა ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული დასახლება გარდაბანში „ნოეს უბანია“, სადაც მიწაზე დადგმულ, სახელდახელოდ შეჭედილ ფიცრულებში 12 ოჯახი, 130 ბოშა ცხოვრობს.

„ნოეს უბანში“ დასახლებულ ბოშათა თემში ოჯახის მარჩენალი ქალია, რომლებიც მათხოვრობით და მკითხაობით შოულობენ საარსებო ფულს. ზაფხულის სეზონურ სამუშაოზე – მოწყალების სათხოვნელად, ბათუმსა და ქობულეთში წასული ბოშები უკვე დაუბრუნდნენ „ნოეს უბანს“ და ჩვეულ რიტმსაც – გამთენიისას თბილისში მიდიან სამათხოვროდ და საღამოს უკან ბრუნდებიან მოწყალებით შეძენილი პროდუქტებით.

უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების მიღების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ქართული ენის უცოდინრობა, პირადობის მოწმობების უქონლობა, სოციალური სტიგმა… – ეს საქართველოში მცხოვრები ბოშების ძირითადი პრობლემებია. იგივე პრობლემები აქვთ გარდაბანში მცხოვრებ ბოშებსაც, თუმცა, ქალთა საჭიროებებზე საუბრისას „ნოეს უბანში“ პრობლემები უფრო კონკრეტდება.
პრობლემა N1

“12 ოჯახი ვცხოვრობთ აქ, პატარები გვყავს, მე ახალშობილი შვილიშვილი მყავს, ყველა ოჯახშია პატარა, აი, ამ ოჯახში 5 ბავშვია და წყალი არ გვაქვს. წარმოიდგინეთ, გვერდით დასახლებიდან ვეზიდებით წყალს, რომ ბავშვებს დავალევინოთ.. ჩვენს თავს აღარ ვჩივით, ბავშვები ხომ უნდა ვაბანავოთ… მერე იტყვიან ჭუჭყიანები არიან, სუნი აქვთო… წყალი არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა… რამდენი წელია ვეხვეწებით გარდაბნის გამგეობას წყალი გამოგვიყვანონ, მოვლენ არჩევნების წინ, დაგვპირდებიან და მერე აღარავის ვახსოვართ… რომ დავიღალეთ კილომეტრებზე წყლის თრევით, გვერდით დასახლებიდან რეზინის მილით გამოვიყვანეთ აქამდე, მაგრამ 3-4 დღე არ მოდის, ან თუ მოდის წვეთ-წვეთობით და დგას დაუსრულებელი რიგი ამ მილთან, გაწამებულები ვართ უწყლობით…“ – ამბობს გალინა გეტმანი.

პრობლემა N2

„გზა… ხომ ხედავთ, ეს გზაა? ბოშები ვართ, მაგრამ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები, აქ დავიბადე მე, ჩემი შვილებიც, ამიტომ, ჩვენზეც უნდა იფიქრონ… როცა წვიმს ან თოვს გარეთ გასვლა შეუძლებელია, ისეთი ტალახია, ბავშვები სულ ტალახში ბანაობენ… ტანსაცმელი უნდა გავურეცხოთ, ვაბანაოთ, მაგრამ, როგორ? წყალი არ გვაქვს. აქ ისეთი ამბავი ხდება, მუხლებამდე ჩექმები უნდა ჩაიცვა გარეთ რომ გახვიდე. რამდენი ხანია, გზის გაკეთებას ვითხოვთ, მაგრამ… ნუ გაგვიკეთებენ კაპიტალურად, ცოტა მაინც მოგვიწესრიგონ…“ – აიდა პეტრენკოს თქმით, ეს მათი მეორე მთავარი პრობლემაა.

პრობლემა N3

„გარე განათება არ არის, მთელი დასახლება ჩაბნელებულია და მიმდებარე ტერიტორიებიც. როგორც კი მოსაღამოვდება გარეთ ვერ გავდივართ ისე ბნელა, ახლა ზაფხულია, მაგრამ ზამთარში აქ უკუნეთია. ქალები და ბავშვები დილაადრიან მიდიან ქალაქში სამუშაოდ და 8 საათზე ბრუნდებიან მატარებლით, სადგურიდან აქამდე ფეხით უნდა მოვიდნენ სიბნელეში, დავირაზმებით და მივდივართ დასახვედრად. აი, ახლა ჩემი გოგო უნდა ჩამოვიდეს და ასე შიშით ველოდები, რომ სადმე არ ჩავარდეს, რამეს ფეხი არ წამოკრას, არ დაიმტვრეს… ბნელა და თან არც გზაა… 2-3 ლამპიონი მაინც დაგვიყენონ…“ – აიდა პეტრენკო კიდევ ერთი საჭიროების შესახებ საუბრობს.

პრობლემა N4

„უწყლობა „ნოეს უბანში“ მცხოვრები ბოშების სერიოზული პრობლემაა. ბავშვებს ვერ ბანენ, ვერ ურეცხავენ ტანსაცმელს, ვერ ახერხებენ ელემენტარული ჰიგიენის დაცვას, ამის გამო ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ. ვერ დადიან იმის გამოც, რომ არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, სკოლისთვის საჭირო სხვა ნივთები. საჭიროებაა საბავშვო ბაღი, დიდი ხანია ვითხოვთ, რომ დასახლებაში ბაღი გაიხსნას, რაც ძალზე საჭიროა. აქ მცხოვრები ბოშების შემოსავლის წყარო მოწყალების თხოვნაა და იმის გამო, რომ ბავშვებს ვერსად ტოვებენ, თან მიჰყავთ პატარები. აი, ასე, ქუჩაში, მათხოვრობაში იზრდებიან ბავშვები და სამწუხაროდ, სკოლამდელ განათლებასაც ვერ იღებენ… ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ქუჩაში პატარა ბავშვების მათხოვრობას, არადა, როგორც წესი, ისინი ბაღში და სკოლაში უნდა იყვნენ. ამ დასახლებში ბაღის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროებაა,“ – ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ელენე პროშიკიანი, რომელიც თავადაც ბოშაა და წლებია ბოშათა პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს.

ბოშა ქალები განათლების საჭიროების შესახებ თავადაც საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ უმძიმესი ყოფითი პირობების გამო ვერ ახერხებენ ბავშვებს განათლება მისცენ. უმეტეს შემთხვევაში, სწავლის ნაცვლად ბავშვები დედებს ეხმარებიან საარსებო ფულის შოვნაში – მათთან ერთად მათხოვრობენ.

„გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა განათლება მიიღონ, არ გვინდა ჩვენსავით იყვნენ… გვინდა ქართული იცოდნენ, მაგრამ ბევრი პრობლემის გამო ვერ ვახერხებთ… მე ავად ვარ, ჩემი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვიდან თვემდე პურის საყიდლადაც არ მყოფნის… 15 წლის გოგო მყავს, თბილისშია წასული… მათხოვრობს… სკოლაში არ უვლია… წერა-კითხვას ახლა სწავლობს… რამდენს ვშოულობთ? ეეჰ, რას ვშოულობთ… ყველაზე ბევრს როცა დღესასწაულებია – 25 ლარს, ყოველდღიურად 5, 10 ლარს… პურის ფულად ძლივს გვყოფნის… აი, ჩემი გოგოც ჩამოვიდა…“ – ამბობს რიტა კალაშნიკოვა და დასახლებაში შემოსული ქალებისკენ ხელს იშვერს. დილაადრიან თბილისში სამათხოვროდ წასული ქალები და ბავშვები უკან დაბრუნდნენ, მატარებელს ჩამოჰყვნენ.

„ბაღი გაგვიხსნან… აქ აზერბაიჯანლებიც ცხოვრობენ და მათაც სჭირდებათ… ბავშვებს ვერავის ვუტოვებთ, როცა თბილისში მივდივართ… ან მიგვყავს, ან კაცებთან ვტოვებთ, მაგრამ ვერ უვლიან. ბაღი რომ იყოს მივიყვანთ ბავშვებს, ჩვენთან ერთად მთელი დღე ქუჩაში არ იქნებიან, რამეს ისწავლიან…“ – ბოშა ქალები საბავშვო ბაღის გახსნასაც ითხოვენ.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთ პრობლემები ძალზე ბევრი აქვთ, ჯაჭვივით ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ უმთავრეს პრობლემებად მაინც ზემოთდასახელებულები მიაჩნიათ.

„აბა, სად წავიდე, სად ვიმუშაო, ვის ვუნდივარ, არც კითხვა ვიცი, არც წერა, არც ანგარიში, არაფერი ვიცი… სახლსაც ვერავის დავულაგებ, არც შემიშვებენ … სად მიმიღებენ სამსახურში… იძახიან, ჭუჭყიანია, მოიპარავს… ბოშაა, ბოშაა… ჰო, ბოშა ვარ, დიახ, ბოშა… “ – ამბობს სონია დენისენკო, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა თბილისიდან… ხვალ, დილაადრიან ისევ ჩამოივლის მატარებელი „ნოეს უბანში“, ისევ გაივსება ვაგონი ბოშა ქალებით და ბავშვებით, რომლებიც თბილისში სამათხოვროდ მიდიან…

Comments
Loading...