- Advertisement -

პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა – ფატი ხალვაშმა და ნინო წილოსანმა მოაწერეს ხელი, ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კოორდინირებულ თანამშრომლობას, პარტნიორობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მემორანდუმზე ხელის მოწერამდე, საკანონმდებლო ორგანოში, გენდერული თანასწორობის საბჭოების 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის საკითხებს, ერთობლივ მიზნებსა და ამოცანებს დაეთმო. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა შეხვედრის მონაწილეებს ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი განიხილეს. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით მომზადებული დოკუმენტი რეგიონში გენდერული თანასწორობის პოლიტიკას განსაზღვრავს და 5 ძირითად ამოცანას მოიცავს. ფონდის წარმომადგენლებმა – ქეთევან მაისურაძემ (ფონდის ხელმძღვანელი), მირანდა ტყაბლაძემ და ლელა აქიაშვილმა სამოქმედო გეგმის ხედვები, პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები, გენდრული ბიუჯეტირება, პრაქტიკული ასპექტები, შესაძლებლობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს. აქვე შეაფასდა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების საქმიანობა.

Comments
Loading...