- Advertisement -

პატარაძე: დაბა ჩაქვში ივანიშვილის კომპანია 3 მილიონს ხარჯავს გზის გაფართოვებისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს.

"რაც შეეხება დაბა ჩაქვს და უშუალოდ ხეების გადარგვას, მინდა გითხრათ, რომ იყო შესაბამისი ნებართვა გზის გაფართოებასა და მოწესრიგებასთან დაკავშირებით. უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კომპანია ხარჯავს სამ მილიონ ლარს. იმისათვის, რომ იქ გზა გაფართოვდეს, საჭირო გახდა 19 ერთეული ხის მოჭრა. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნაცვლად ამ ხეების მოჭრისა, მოხდება ნაწილის გადატანა დენდროლოგიურ პარკში. მე ვერაფერს ვხედავ აქ საპრობლემოს, შესწავლილი იქნა და განისაზღვრა ხეების საფასური.

ყველა საჭირო პროცედურა გატარდა და ჩვენ გავეცით შესაბამისი ბრძანება. რაც შეეხება შემსრულებელ კომპანიებს, მათ აქვთ ვალდებულება, არამარტო ხეები გადაიტანონ, არამედ მოაწესრიგონ ტერიტორია და პირველადი იერსახე დაუბრუნონ, ასევე მოახდინონ რეკულტივაცია. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ კონტროლს, რომ ყველა ის ლოკაცია, საიდანაც მოხდა ხის გადარგვა, მოწესრიგდეს, მიიღოს პირვანდელი სახე და შესაბამისად, იყოს ტურისტულად მიმზიდველი. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“, – განაცხადა პატარიძემ. 

Comments
Loading...