- Advertisement -

პატარიძე “გამჭირვალობის” დასკვნაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა აღმშენებლობა, მეტი ინვესტიციის განხორციელება

"ჩვენი მთავარი ამოცანაა აღმშენებლობა, მეტი ინვესტიციის განხორციელება“ – აცხადებს ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება და ინვესტორებისთვის ვალდებულებების გადავადებას ბიზნესის ხელშემწყობ გარემოდ და მეტი განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

„ნუ კითხულობენ აქ ცუდ გარემოებას ან კორუფციულ გარიგებას. პირიქით, ეს არის ხელშეწყობა ბიზნესისთვის. ეს არის მეტი განვითარება და მომავალში ახალი ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ არ ვართ მოსული ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ხელები გადავუგრიხოთ ბიზნესმენებს, არ მივცეთ განვითარების საშუალება, არ გავითვალისწინოთ ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორები. ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის აღმშენებლობა", – განაცხადა პატარიძემ. 

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარაში საინვესტიციო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში როგორც ქალაქში, ისე მაღალმთთაინ აჭარაში ინვესტირების პროცესის გაძლიერება ადასტურებს სწორედ იმ ფაქტს, რომ ქართველი და უცხოელი ინვესტორები ენდობიან რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოს. აჭარაში ამ ეტაპზე არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელება, რაც რამდენიმე ათეული მილიონის ინვესტიციას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას გულისხმობს. 

„ჩვენი მიზანია განხორციელდეს კაპიტალდაბანდება, ბოლომდე მივიდეს ყველა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი და რეგიონმა ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. შესაბამისად, როდესაც გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანია მოგვმართავს პირობების ცვლილების თაობაზე განცხადებით, ხდება მისი შესწავლა და მათთვის დამატებით ვადების განსაზღვრა ვალდებულების შესრულებისთვის.
ეს პროცედურები საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას ეფუძნება. აღნიშნული მიდგომები არის კანონით გათვალისწინებული ფორმა, ის ვრცელდება ყველა კომპანიაზე და არა გამონაკლის შემთხვევებში“ – აღნიშნავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე. 

რაც შეეხება სიმბოლურ ფასად ქონების გასხვისების საკითხს, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონის შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც წარმოდგენილია რეგიონის განვითარებისთვის საინტერესო პროექტი, რაც გულისხმობს დიდი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას, მოქალაქეთა დასაქმებას და ა.შ, ხდება კომპანიებთან პირობებიანი ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც სახელმწიფოს ასევე დაზღვეული აქვს რისკები.

მსგავსი პრაქტიკის გამოყენების მაგალითია კურორტი „გოდერძი“, რომლის განვითარების ფარგლებში ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ამ ეტაპზე დაახლოებით 100 მლნ ლარის 10 საინვესტიციო პროექტი უკვე ხორციელდება. იგივე შეიძლება ითქვას ქედაში კონკრეტული საწარმოების ამოქმედების ვალდებულებით ქონების გასხვისებაზე, რაც მაღალმთიანი აჭარაში წარმოების გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.

სიმბოლურ ფასად და უსასყიდლოდ ქონების გადაცემას აჭარის მთავრობა უმრავლეს შემთხვევაში სოციალური დანიშნულებით ახორციელებს, კერძოდ გარკვეული საცხოვრებელი ბინების გადაცემა ხდება იმ მოქალაქეებზე ,რომლებსაც მსგავსი საჭიროება აქვთ. 2013 წლიდან დღემდე „სოციალურ სახლებსა“ და სხვა ობიექტებში დაახლოებით 700 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა". 

Comments
Loading...