- Advertisement -

პედაგოგი: დროშები პირველკლასელებმა მოიტანეს, ფოტოს გადაღებისას არ მიფიქრია, რომ პროპაგანდა იყო

 

"მარტო ჩვენი სკოლიდან არა, ყველა სკოლიდან იყვნენ პედაგოგები კვირიკაშვილთან ბათუმში მაჟორიტარების წარდგენაზე და იქ დაგვირიგეს დროშები" – აცხადებს სხეფის სკოლის საქმეთა მმართველი. ფოტომ, რომელზეც სკოლაში ბავშვები "ქართული ოცნების" დროშებით არიან, საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია.  

15 სექტემბერს შუახევში, სოფელ სხეფში დაწყებითი კლასის პედაგოგმა მარინა დარჩიძემ პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სადაც აღსაზრდელებს "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ ხელში.

პედაგოგმა "აიპრესთან საუბარში განმარტა, რომ დროშები სკოლაში პირველ კლასელებმა მოიტანეს, ფოტოების გადაღების დროს კი არ უფიქრია რომ ეს პოლიტიკური პარტიის პროპაგანდა იქნებოდა.

სოფელ სხეფის სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ დირექციამ რეაგირება უკვე მოახდინა. 

"ჩვენ 15 სექტემბერს საზეიმო გახსნა გვქონდა სკოლის, რაიონის წარმომადგელებიც ესწრებოდნენ, ზეიმის შემდეგ გადაუღიათ კლასში ფოტოები, დღეს გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი და რათქმაუნდა დავგმეთ, პედაგოგსაც ვუთხარით და აგვიხსნა რომ უნებლიედ მოუვიდა. მოვახდინეთ რეაგირება საკითხი გადავეცით სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს და 4-5 დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. დროშები სკოლის ტერიტორიაზე როგორ აღმოჩნდა არ ვიცით, ალბათ ბავშვებმა მოიტანეს." – აცხადებს ოთარი დავითაძე.

სკოლის საქმეთა მმართველი კი აცხადებს რომ "ქართული ოცნების" დროშები ბათუმში კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს მერობის კანდიდატების წარდგენაზე რამდენიმე დღის წინ დაურიგეს. დარიკო ცენტერაძის თქმით შეხვედრაზე სხეფის სკოლის პედაგოგები სხვა სოფლის პედაგოგებთან ერთად განათლების სამინისტრომ მიიწვია. "ბათუმში კვირიკაშვილი მობრძანდებაო და იქედან გვქონდა ერთი დროშა, ზეიმი იყო იმ დღეს და გვეგონა ეს არ იქნებოდა პრობლემა რადგან პიველკლასელები იყვნენ, უნებლიედ მოგვივიდა თორემ სხვადროს არასდროს არ ყოფილა დროშების დარიგება და პროპაგანდა.

გაკვეთილის დროს ხელში აღარ ჰქონდათ ჩააწყეს ჩანთაში. მარტო ჩვენი სკოლიდან არა, ყველა სკოლიდან იყვნენ პედაგოგები კვირიკაშვილთან ბათუმში მაჟორიტარების წარდგენაზე და იქ დაგვირიგეს დროშები."

დარიკო ცენტერაძე სკოლაში საქმეთა მმართველის პოზიციას იკავებს და ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. პედაგოგ მარინა დარჩიძის გადაცდომის საკითხზე სკოლის დისციპლინარული კომიტეტი მიმდინარე კვირაში მშობლებთან ერთად შეიკრიბება და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს. კომიტეტის წევრები წინასწარ ვარაუდობენ, რომ პედაგოგს აღნიშნული ინციდენტი უნებლიედ მოუვიდა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

Comments
Loading...