- Advertisement -

პრემიერი: ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ბათუმში ჩატარება კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის სამზადისს საქართველოს პრემიერ მინისტრი აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო. შეხვედრა სპორტის ახალ სასახლში გაიმართა, სადაც ქართველი ძალოსნები ამ დროისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. პარალელურად მიმდინარეობს კონტინენტის პირველობისთვის განკუთვნილი საშეჯიბრებო და მოსათელი დარბაზების მოწყობა.

პრემიერ მინისტრს მოსამზადებელი პროცესი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა გააცნო. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში სპორტსმენების მიერ მსოფლიო მაშტაბით მიღწეულ წარმატებებზე. პრემიერის განცხადებით ჩემპიონატი ბათუმში მაღალ დონეზე ჩატარდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციას:

“6 აპრილს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის თასს ძალოსნობაში. ვემზადებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობისთვის ძალიან მაღალ დონეზე. იცით უკვე გვაქვს უნიკალური მიღწევები ძალოსნობაში ჩვენს ნაკრებში. ყოველი მესამე არის ევროპის ჩემპიონი და ყოველი მეორე არის მსოფლიო ჩემპიონი და ეს არის უნიკალური წარმატება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ჩვენს სახელოვან სპორცმენებს, რომლებმაც ბოლო წლებში გაგვანებივრეს ასეთი წარმატებებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბათუმში იქნება ძალიან წარმატებული ჩვენთვის და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანას და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ სამშობლო დიდი ჩემპიონებისა, არამედ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მსგავსი საერთაშორისო ტურნირების დაგეგმვა ძალიან მაღალ დონეზე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ “აიპრესთან”.

სპორტის სასახლეში პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგინ ასანიძე, პლანეტის ორგზის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე და ნაკრების წევრები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატი 6 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.

Comments
Loading...