- Advertisement -

პროფკავშირები ტყიბულში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

3 ივლისს, „საქნახშირის“ თანამშრომლების ნაწილმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მუშაობაზე უარი თქვა. ტრანსპორტისა და ზედაპირულ უბნებში დასაქმებულები ფიქსირებული ხელფასის 300 ლარით გაზრდას მოითხოვენ. ისინი უკვე მეექვსე დღეა უარს აცხადებენ მუშაობაზე.

აღნიშნულ პროცესებში ჩართულია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირიც. პროფკავშირების პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში ტყიბულში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რა შედეგით დასრულდება მეშატეების პროტესტი, ჯერჯერობით უცნობია.
„გაფიცვა დაიწყო 400 ადამიანმა, რომლებიც საშახტო ტრანსპორტის და ზედაპირულ უბანში მუშაობენ. ისინი არ მუშაობენ ნახშირის მოპოვებაზე. ეს ადამიანები ხელფასის 300 ლარით მომატებას ითხოვენ. ადმინისტრაცია ამბობს, რომ გასულ წელს, ხელფასები გაიზარდა დაახლოებით 30%-ით და ამ მომენტისთვის, ხელფასების კვლავ გაზრდა არ შეუძლია, სანამ ნახშირის მოპოვება თვეში 30 000 ტონა არ გახდება. ახლა კი ისინი 20 000 – 22 000 ტონას მოიპოვებენ. დასაქმებულები ბონუსური სისტემის წინააღმდეგები არიან და ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
„ძიძიგურის“ შახტის თანამშრომლები გაფიცულები არ არიან. მათ შეუძლიათ ნახშირის მოპოვება, მაგრამ რადგან ტრანსპორტის უბანი გაფიცულია, ნახშირის გამოტანა შეუძლებელია. ნახშირის მომპოვებლები არ ითხოვენ ხელფასის გაზრდას, რადგან მაღალი ხელფასი აქვთ, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე გაფიცულებს. პროცესში ჩართულია ჩვენი წარმომადგენელი.
ვერ ვიტყვით რომ კომპანიის ადმინისტრაციას კონტაქტი არ აქვს მეშახტეებთან. ადმინისტრაცია შეხვედრებს გაფიცვამდეც ატარებდა და გაფიცვის დაწყების შემდეგაც. მან თავისი წინადადება შესთავაზა დასაქმებულებს. ვერ ვიტყვით რომ ადმინისტრაცია ხალხს აიგნორებს. არავინ იცის რით დასრულება ეს პროცესი. ადმინისტრაცია ამბობს, რომ არ შეუძლია ხელფასების მომატება. ამის შემდეგ მათ არ უღირთ ინვესტიციის ჩადება, რადგან ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ თუ იმაზე მეტ ნახშირს ვერ მოიპოვებენ, ვიდრე ამჟამად მოიპოვებენ“- განაცხადა პროფკავშირების პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ.
„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და ეს შახტების განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლის სექტემბერში, ნახშირმომპოვებელი, მზადებითი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების უბნები გამომუშავებაზე დამოკიდებულ შრომის ანაზღაურებაზე გადავიდნენ და ამან მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც „საქნახშირის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, მეშახტეებს, რომლებიც ხელფასის მომატების მოთხოვნით სამსახურში არ გამოცხადნენ, კომპანია დროებითი დანამატების სისტემას სთავაზობს. საბოლოოდ კი, საწარმო სრულად გადავა გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების სისტემაზე რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დადსაქმებულების შემოსავალს.
„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ საკონსულტაციო საბჭო მუშაობას გეგმის მიხედვით აგრძელებს. 7 ივლისს საბიუჯეტო და საწარმოო კომიტეტების რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც 2021 წლის 1 ივლისს დაიგეგმა. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრის თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება იყო. საკონსულტაციო საბჭო მეშახტეების პროტესტსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროტესტის მონაწილეები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს და მონაწილეობას მიიღებენ კომპანიაში მიმდიბნარე პროცესებში.
„მიუღებელია პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, პროტესტის მონაწილეთა მიერ მუშაობის თვითნებური შეწყვეტა და საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა. იმ პირობებში, როდესაც უკვე დაწყებულია მუშაობა ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებაზე, რის შესახებაც ყველა, მათ შორის, პროტესტის მონაწილეებიც, ინფორმირებულები იყვნენ, მნიშვნელოვანია პროცესში ყველა დასაქმებულის ჩართულობა, განსახორციელებელ ცვლილებებზე აზრის გამოხატვა და საერთო მიზნების ერთობლივად, კონსტრუქციულად მიღწევა. შესაბამისად, კომიტეტის წევრები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილეებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და მონაწილეობა მიიღონ საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...