- Advertisement -

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდნენ


"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლები ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს მარნეულის სოფელ შულავერის, ყულარის და სადახლოს მინდვრებში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი აზერბაიჯანელ ქალთა საჭიროებების გამოვლენა იყო.

"ჩვენ აქ ვმუშაობთ მთელი დღე, დილის 5-6 საათიდან; ზაფხულში – 40 გრადუს სიცხეში, ჯოჯოხეთურ პირობებში, მე ახლა 60 წლის ვარ და თუ ასე გავაგრძელე 2 წელიწადში ცოცხალი აღარ ვიქნები… რომელ საჭიროებაზე გესაუბროთ… საჭიროებაა ის, რომ არ გვაქვს წყალი, არაადამიანურად დაღლილი, სახლში მისული შემდეგ წყაროდან ვეზიდები წყალს. რამდენი წელია გვპირდებიან, რომ წყალს გამოგვიყვანენ, მაგრამ უშედეგოდ… არ გვაქვს ბაღი, სადაც ზაფხულში, როცა მინდორში ვმუშაობთ შეგვეძლება ბავშვების დატოვება… ჩვენს სოფელში ბაღი საერთოდ არ არის და სადაც არის იქ მისაყვანად ტრანსპორტია საჭირო… საჭიროებაა ის, რომ სოფელში გზა არის გასაკეთებელი წლებია და… რომელ საჭიროებებზე მოგიყვეთ, ჩვენთვის ყველაფერი საჭიროებაა," – ლეილა მამედოვას პამიდვრის მოსავლის ასაღებად მინდორში სამუშაოდ გამოსული დანარჩენი 30 ქალიც დაეთანხმა, სოფელ სადახლოში, შულავერსა და ყულარში მცხოვრებმა ქალებმა მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს და ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებისადმი გულგრილობაში დაადანაშაულეს.

„ჩვენ არჩევნებზე არ წავალთ!“ – ამბობენ ქალები და პროტესტის მიზეზად ხელისუფლების უყურადღებობას ასახელებენ. „გამგებელს, ან მის მიადგილეებს არც ვიცნობთ… რწმუნებული წლებია თვალით არ გვინახავს…“ – ამბობენ ისინი.

შეხვედრები აზერბაიჯანელ ქალებთან პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. შეხვედრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში – გარდაბანში, მარნეულსა და ბოლნისში გაიმართება.

ჩატარდება 50 შეხვედრა, მათ შორის „საუბრები ჩაიხანებში კაცებთან“ ქალთა საჭიროებებზე, შემდეგ მოხდება გამოვლენილი ქალთა საჭიროებების ანალიზი და რეკომენდაციების სახით გადაეცემათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კანდიდატებს, რათა მათ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასახონ ქალთა საჭიროებები.
 

Comments
Loading...