- Advertisement -

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ალგეთისა და ფარიზის მინდვრებში მომუშავე ქალებს შეხვდნენ

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აგრძელებს შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან. შეხვედრები, ამჯერად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მცხოვრებ ქალებსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის მინდვრებში მომუშავე ქალებთან გაიმართა და მიზნად ისახავდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა საჭიროებების გამოვლენას.

„კანდიდატები მოდიან „ბირჟაზე“, ჩვენმა კაცებმა იციან რა პრობლემები გვაწუხებს და ისინი უყვებიან… ჩვენზე უკეთ არ იციან?! მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მაგდენი განათლება და ვერ გავბედავთ მთავრობის კაცებს შევხვდეთ… არ გვაქვს ამის უფლება. რა საჭიროებები გვაქვს? ჩვენ ვშრომობთ, ოჯახს ვუვლით, ბავშვებს ვზრდით… სხვა რა გითხრათ…“ – ასე ფიქრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები.

„წყალი სერიოზული პრობლემაა, სასმელ წყალს ვყიდულობთ. კვირაში ერთხელ მოაქვთ ცისტერნებით, 50 ლიტრა 50 თეთრი ღირს. ხელები დაგვიგრძელდა წყლის ზიდვით… აი, მე, ქალი ვარ, არ ვმუშაობ, ძროხები მყავს, რძეს, ყველს, კარაქს ვყიდი. ძროხა ხომ უნდა დავბანო, სუფთად რომ მოვწველო, წყალი მინდა ამისთვის, ძალიან ვწვალობ…“ – ამბობს ნორატ ალიევა და მას სხვა თანასოფლელი ქალებიც ეთანხმებიან.

„სოფელში ნაგვის ბუნკერები არ დგას, ნაგავს ვაგროვებთ და თუ ვინმე მიდის მარნეულში ვატანთ გადასაყრელად, არადა, პირდაპირ გზაზე ყრიან და საშინელი სიბინძურეა, მერე იქ ფრინველი, საქონელი მიდის ჭამს ამ ნაგავს, წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ, განსაკუთრებით ზაფხულში… მწერებია, ყარს სოფელი… ბაღი არ გვაქვს, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედნები, ცენტრები, სადაც ბავშვები სკოლის გარდა, სხვა განათლებას მიიღებენ… ქართული გვინდა ბავშვებმა კარგად იცოდნენ, ქართული ენა ძალიან საჭიროა, იქნებ გააკეთოს რაიმე პროგრამა გამგეობამ, რომ ბავშვებმა მაინც კარგად ისწავლონ ქართული…“ – ამბობენ ალგეთელი და ფარიზელი ქალები და სხვა იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც მატ ყველაზე ძალიან აწუხებთ და რომელთა მოგვარებასაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

შეხვედრები პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
„ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“ ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გარდაბნის,მარნეულისა და ბოლნისის 20-ზე მეტ სოფელში უკვე გამართა. დაგეგმილია კიდევ 30 შეხვედრის ჩატარება, რის შემდეგაც, ქალთა საჭიროებების შესახებ ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს გადაეცემათ, რათა მოხდეს მათ საარჩევნო პროგრამებში ასახვა. 

Comments
Loading...