- Advertisement -

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” რუსთავის მერობის და მაჟორიტარობის ქალ კანდიდატებს შეხვდა

რუსთავში, ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის საპრესკონფერენციო დარბაზში, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” რუსთავის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების, ქალი კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაც ორგანიზაციის მიერ რუსთაველ ქალთა საჭიროებების შესახებ მომზადებული ანალიზი გააცნეს.

უმუშევრობა, საბავშვო ბაღების სიმცირე, დაზიანებული შიდა გზები, გარეუბნებში გარე განათებების არ არსებობა, სასმელი წყლის შეზღუდვა, მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირე, შშმ პირებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პანდუსების არ არსებობა და არაადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი; სტუდენტებისთვის პრობლემური მგზავრობის ტარიფი; გაუმართავი კანალიზაციის სისტემა და დატბორილი სარდაფები; ანტისანიტარია საცხოვრებელ კორპუსებში – ეს, ის ძირითადი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც რუსთაველი ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ და რომელთა შესახებაც გამართულ შეხვედრაზე მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოისმინეს, რომლებმაც ისაუბრეს ქალთა საჭიროებების მოგვარების მათეულ პროგრამებზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

პროექტი, რომელიც საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში განხორციელდა, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით იყო დატვირთული, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებების გამოვლენაზე, რომლის შესახებაც მომზადდა ანგარიში (ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ https://uploadfiles.io/5ze6t ) და რომელიც პოლიტიკური პარტიებს, კანდიდატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნო. რუსთავში გამართული შეხვედრაც ანგარიშის გაცნობას ისახავდა მიზნად. მსგავსი ტიპის დისკუსიები იმ რვა რეგიონში გაიმართა, სადაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ გენდერის მედიაცენტრები არსებობენ და სადაც გამოვლინდა ქალთა საჭიროებები.

პროექტი „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

Comments
Loading...