- Advertisement -

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ფოთში პოლიტიკოსებს შეხვდა

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა და პროპორციული სიის ათეულში მყოფმა პირებმა ამომრჩეველი ქალების საჭიროებებზე იმსჯელეს.

დისკუსია „ქალის ხმა იგებს არჩევნებს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრის დირექტორმა ინგა გვასალიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების დადადგენის მიზნით, ორგანიზაციამ ორი თვის განმავლობაში საქართველოს რვა რეგიონში ჩაატარა შეხვედრები და დისკუსიები:

„ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენისა და დადგენის მიზანი გახლდათ აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირება, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება. არჩევის შემთხვევაში კი, ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა“, – განაცხადა ინგა გვასალიამ.

მედიაცენტრის დირექტორმა პრეზენტაციისას ასევე აღნიშნა, რომ ფოთში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ ქალებისა და დევნილების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ქალთა სხვადასხვა სახის საჭიროებები.

შეხვედრისას ქალი ამომრჩევლების გააქტიურებაზე და გამარჯვების შემთხვევაში მათი საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებაზე იმსჯელეს მაჟორიტარობის კანდიდატებმა და პროპორციულ სიაში მყოფმა კანდიდატებმა. დისკუსიის დასასრულს გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა კანდიდატებს რეკომენდაციები მისცა, რომელიც ქალ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში დაეხმარებათ.
 

Comments
Loading...