- Advertisement -

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ რუსთავისა და გარდაბნის ბაზრებში აქციებს ატარებს

ბაზრები, სადაც ტრადიციულ კვირის ბაზრობებზე თავს იყრის რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ინფორმაციის მიღებისა და შესაბამისად, გავრცელების არაჩვეულებრივი საშუალებაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ სწორედ ამ მიზნით აირჩია აქციის ჩასატარებლად რუსთავისა და გარდაბნის ბაზრები.

„ჩვენი საინფორმაციო აქციების მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მასში ქალების, როგორც კანდიდატებისა და როგორც ამომრჩევლების მონაწილეობის შესახებ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით ეთნიკურად აზერბაიჯანლებმა არ იციან, რომ 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, გვეკიათხებიან მის შესახებ, ვინ არიან კანდიდატები… როცა ქალთა საჭიროებებზე და არჩევნებში ქალის როლის მნიშვნელობაზე ვესაუბრებით, გვპასუხობენ, რომ მათ არავინ ეკითხებათ ვის აირჩევენ… საჭიროებები ბევრი აქვთ: წყალი, გზა, ბაღი, საძოვარი… და ა.შ. ჩვენი პროექტის ფარგლებში საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში, მათ შორის ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში – გარდაბანში, მარნეულში და ბოლნისში მოსახლეობასთან 50 შეხვედრა ჩავატარეთ, ვიკვლევდით ქალთა საჭიროებებს, რომლებსაც გავაცნობთ პარტიებსა და კანდიდატებს, რათა მათ მომავალი საქმიანობისას გამოიყენონ, იცოდნენენ რა პრობლემები აქვთ ქალებს. პროექტის საწყის ეტაპზე ჩავატარეთ მოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნებისთვის პარტიებს საარჩევნო პროგრამები არ ჰქონდათ მზად და ქალთა საჭიროებების შესახებაც ძალზე მწირი ინფორმაციები ჰქონდათ, ამიტომაც, პროექტი აქტუალურია,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი ინგა ალავიძე.

საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო აქციები ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზეც, სადაც ეწყობა საინფორმაციო კუთხეები, მოსახლეობას ურიგდებათ საინფორმაციო ფურცელი, ორგანიზაციის გენდერის მედიაცენტრების დირექტორები, ექსპერტ-ფასილიტატორები მოსახლეობას ესაუბრებიან 2017 წლის არჩევნებზე და არჩევნებში ქალთა როლის შესახებ.

Comments
Loading...