- Advertisement -

“რა ყოფილა გურია” – გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია (პირველადი ვერსია) და პროექტით დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრის მონაწილეებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე მიესალმა და მათ წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელ შეხვედრაზე მოწვევისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ აღნიშნული პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით, ჩემი გამგებლობის დროს დაიწყო და მას შემდეგ მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა. საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც 2014 წლის ბოლოს მოეწერა ხელი, ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეს კონკრეტული პროექტი კი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება რეგიონში განვავითაროთ აღნიშნული დარგი. პროექტი, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობის პრინციპებზე, უზრუნველყოფს მდიდარ და ნაყოფიერ, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით პროცესს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ რეგიონი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდეს. პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებზე (ეკოტურიზმი, კულტურული, აგროტურიზმი, სანაპირო ტურიზმი, რომელიც სეზონური ხასიათისაა, თუმცაღა უმნიშვნელოვანესი დარგია ჩვენი რეგიონისთვის). პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყო ფესტივალი, პიარის და მარკეტინგის სამუშაო შეხვედრები და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „შარეტის“ შედეგად მივიღებთ სტრატეგიულ გეგმას და მის ქვემდებარე სამოქმედო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაუმჯობესებას და შესაბამისი ბიზნეს სექტორების შესაძლებლობების განვითარებას. რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ტურიზმის სექტორის მდგრად და ინკლუზიურ ზრდას, ასევე გურიის ერთიან ტურისტულ ქსელში ჩართვას.

ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" განიხილავს პროექტების სახით გურიის ტურისტულ საჭიროებებს, რომლებიც მოწოდებულია მუნიციალიტეტების მიერ და ასახულია ყველა ტურისტული ობიექტი, რომელიც რეგიონში არსებობს. ძირითადი აქცენტი კი გაკეთდება სპა ტურიზმის განვითარებაზე და ამ კუთხით განხილული იქნება ნასაკირალის სამკურნალო წყლების განვითარების პერსპექტივები. ასევე, განიხილავენ სხვა ყველა ტურისტული ობიექტის განვითარების პერსპექტივებს და სავარაუდო დაფინანსების წყაროებს“. 

ოზურგეთში სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის დელეგაციის დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მენეჯერი დომენიკა სკუბიდა, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების და იმ სამინისტროების, თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან სამეთვალყურეო საბჭოში.

დომენიკა სკუბიდამ შეხვედრის ბოლოს მერაბ ჭანუყვაძეს სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადასცა.

Comments
Loading...