- Advertisement -

საგუშაგოზე მოკლული ჯარისკაცის, ბექა რუსიას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

ზუგდიდის სასამართლოში დასრულდა მუჟავას საგუშაგოზე გარდაცვლილი ბექა რუსიას საქმის არსებითი განხილვა. მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები წარმოთქვეს პროცესზე. პროკურორმა დავით პაპავამ განაცხადა, რომ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად ორი კვირა დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა დღესაც აღიარა დანაშაული და მტკიცებულებებიც დართულია საქმეზე. მისი წინადადება გაითვალისწინა მოსამართლე შოთა ბიჭიამ და მომდევნო სხდომა 26 თებერვალს ჩანიშნა.

ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ გასროლა მოხდა გაუფრთხილებლობით, საგუშაგოს უფროსის, ალექსანდრე კვიჟინაძის კუთვნილი იარაღიდან, რომელიც ბექა რუსიას გარდაცვალებით დასრულდა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს და ამასთან ერთად განიცდის მძიმე სულიერ ტკივილს. მეტიც, ამბობს, რომ ბექა რუსია მისი საუკეთესო მეგობარი იყო და გარდა ჩადენილის გამო სინანულისა, არის ცუდ მდგომარეობაშიც.

მოსამართლემ მისცა დავით ჯალაღანიას სიტყვის უფლება, თუმცა მან თქვა, რომ ვერაფერს დაამატებს ნათქვამს.

სხდომის დასრულების შემდეგ ოჯახმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ მომხდარში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირია და კვლავაც მოითხოვა ხელმძღვანელი პირების დაკავება. მათ შორის ალექსანდრე კვიჟინაძის.

თავის მხრივ, პროკურორ დავით პაპავას თქმით, რაც შეეხება ფოტოებს და ვიდეომასალას, რომელიც ბექა რუსიას ტელეფონში ინახებოდა, მათი ამოღების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართეს და გადაწყვეტილებას ელოდებიან. თუკი ოჯახი უარს განაცხადებს ამ მასალების საქმეში დართვაზე, რაზეც სხდომის დაწყებამდე გარდაცვლილის ბებიამ ისაუბრა, ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, შემდეგ სხვა ზომებს მიმართავენ. ჟურნალისტების კითხვის პასუხად, დაიწყო თუ არა გამოძიება ალექსანდრე კვიჟინაძის მიმართ, მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ პირებს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, თუმცა გამოძიება რამდენიმე ადამიანის მიმართ მიმდინარეობს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

ოჯახის წევრები ამ წუთებშიც სასამართლოსთან იმყოფებიან. ისინი სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ ბრალდებულის ოაჯხს.

ბექა რუსიას საქმესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. საქმე ეხება მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც სავარაუდოდ ასახულია სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მასალაში ჩანს სამხედრო პირი, რომელიც ჯარისკაცს სავარაუდოდ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი გასროლის შედეგად 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია ბექა რუსიას მოხვდა. საქმეზე დაკავებული დავით ჯალაღანია მომხდარში თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

მუჟავას საგუშაგოზე დაღუპული ჯარისკაცის საცხოვრებელ სახლში 29 იანვარს გამომძიებელი არკადი კვანჭიანი იმყოფებოდა. მან გამოკითხა გარდაცვლილის დედა და ბებია მედიით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით და ზოგადად, მომხდარის შესახებ. მათ მიაწოდეს ინფორმაცია კადრების წარმომავლობის შესახებ და ახალ დეტალებზეც ისაუბრეს. დაზარალებულთა ადვოკატმა როლანდ შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია ოჯახის მხრიდან კიდევ ერთხელ უძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა შემთხვევით სიკვდილთან, არამედ განზრახ მკვლელობასთან.

Comments
Loading...