- Advertisement -

საკონსტიტუციო პორნოგრაფიის უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებული სარჩელს განხილავს

პორნოგრაფიის უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებული სარჩელის არსებით განხილვაზე დღეს კინომცოდნე გიორგი გვახარიას მოუსმინეს.

გიორგი გვახარია საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე ექსპერტის რანგში იყო მიწვეული. სარჩელი სახელწოდებით „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოში მეოთხე წელია განიხილება.

მოსარჩელე სადავოდ ხდის რეგულაციას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას ან შენახვას მისი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია, რადგან კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რა არის პორნოგრაფია ან რას ნიშნავს უკანონო ან კანონიერი გავრცელება.

“აინტერესებდათ არსებობს თუ არა ნორმები, რომელთა დახმარებით გავარჩევთ ფილმში, კინოში სხვა ნაწარმოებში პორნოგრაფიასთან გვაქვს საქმე თუ არა, საბოლოო ჯამში მგონი შევთანხმდით იმაზე, რომ პრობლემა არის პირველ რიგში არა კანონში, არამედ იმაში, რომ არ არის განსაზღვრული რას შეიძლება ვუწოდოთ პორნოგრაფია. მე ვუამბე დასავლური პრაქტიკის შესახებ, რა ითვლება პორნოგრაფიად დასავლეთის ქვეყნებში, ამ კუთხით ჩვენთან საქმე რთულადაა, იმიტომ რომ შეიძლება დაკიდო რუბენსის ნახატი, ვიღაცამ ეს პორნოგრაფიად ჩათვალოს და ამის გამო დაგაპატიმრონ”-განაცხადა გიორგი გვახარიამ.

ნორმის ბუნდოვანების გამო მოსარჩელის ინტერესების დამცველის განცხადებით, სასამართლო სტატისტიკა არის საგანგაშო.

“გვყავს 4 პატიმარი, 4 მსჯავრდებული, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი დადგა. 40-ზე მეტი პრობაციონერი, 100-მდე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც ჯერ ბრალი არ არის წაყენებული ადამიანებისთვის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქმე უკვე წლებია განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნორმა არაგანჭვრეტადი, ბუნდოვანი და დასახვეწია”-ამბობს მოსარჩელის ინტერესების დამცველი მარიამ წერეთელი

Comments
Loading...