- Advertisement -

სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.

„ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობა უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით, მავნებლის პოპულაციის ზრდა დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება.

აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ. ზუგდიდში რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 12 სექტემბერს გამართულ აგრარული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს აღნიშნულ პრობლემაზე.

Comments
Loading...