- Advertisement -

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივმა ოპერაციულმა შტაბმა ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა განიხილა

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად განიხილეს და თანხმობა მისცეს ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმის დასამტკიცებლად. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის კოორდინირებით უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილეს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმის პროექტი.

გეგმა მოიცავს: საჭიროებისამებრ დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად; შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფას; მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის და გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, რეგიონში ვაქცინაციის 26 ამცრელი ბრიგადა უნდა დაემატოს, სულ კი სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში (ამჟამად არსებული ბრიგადების დამატებით) 38 ამცრელი ბრიგადა იმუშავებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად, ასევე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული მდგომარეობა.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 610 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 191 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 859 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 1 ჰიბრიდირებული საკარანტინე სივრცე (პალმბიჩში), სადაც კარანტინში იმყოფება – 15 მოქალაქე.

დღეის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სულ ნიმუშის აღებაზე ჩართულია 54 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია კი 12 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება

Comments
Loading...