- Advertisement -

სამტრედიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება კვლავ პრიორიტეტულია

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. დღის წესრიგით წარმოდგენილი 7 საკითხი დეპუტატებმა კომისიური წესით განიხილეს და დაამტკიცეს.

იანეთში არსებული ბაგა–ბაღი 2019 წლის აპრილამდე სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში განთავსდება. მიზეზი ბაღის შენობის ავარიული მდგომარეობაა, ამიტომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო დაწესებულებას, თხოვების ფორმით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა 204,10 კვ.მ ფართი. საკითხი დეპუტატებს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ წარუდგინა.

77000.00 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მთისძირში მდებარეობს, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ადგილობრივ მკვიდრს, მურმან წითელიშვილს. აღნიშნული პიროვნება სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და როგორც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ამაღლობელი და წარმომადგენელი ზაზა ნიკოლეიშვილი განმარტავენ, დარგში დიდი გამოცდილება აქვს.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის 2018 წლის პროგრამა. აქ იგულისხმება საერთო სარგებლობაში არსებული კომუნიკაციების და ფასადების მოწესრიგება, გადახურვითი სამუშაოები და საერთო სარგებლობაში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. საკითხთან დაკავშირებული სიახლეები დეპუტატებს მერიის ეკონომიკის, სივრცითი მოწყობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურა გოგიამ გააცნო. მისივე განმარტებით, წელსაც თანამონაწილეობის წილი მოსახლეობაზე მხოლოდ 5%–მოიცავს, ხოლო 95% სახელმწიფო ფარავს.

სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის გამო ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის საკითხში. დეპუტატები საკითხის განხილვასთან ერთად გაწვევის პრინციპებით და არსებული გეგმითაც დაინტერესდნენ. როგორც სამსახურის უფროსმა, ზაზა კაჭახიძემ განმარტა, წლიური გეგმა 100–მდე წვევამდელზეა გათვლილი. გასულ წლებთან შედარებით ეს კლებადი ციფრია, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, მომდევნო წლებში მატებას ელიან.

Comments
Loading...