- Advertisement -

სამტრედიის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამტრედიელმა ჩოხოსნებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლო – წითელი ტიტებით შეამკეს.

ვალერი ფოცხვერია- “32 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს დღე მართლაც ტრაგედიად იქცა, მაგრამ ამავე დროს ეს დღე ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ამ ადამიანებმა, რომლებმაც სასწაული თავგანწირვა და გმირობა გამოიჩინეს, ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის საქმე, რაც მათ გააკეთეს. ამ იდეამ, ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი, რაც ჩვენი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. ქედს ვიხრით მათ წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის”.

32 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

Comments
Loading...