- Advertisement -

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამხარეო ადმინისტრაციაში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და ითვალისწინებს კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველყოფს, როგორც უპატრონო, მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.
„გუბერნატორის ადმინისტრაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს მხარის მუნიციპალიტეტებთან, რადგან ვფიქრობთ, ცხოველთა თავშესაფრის ამოქმედებით, მოგვარდება რეგიონში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ცივილური და ჰუმანური ფორმებით" – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა მხარის ყველა მუნიციპალიტეტს თანაბრად აწუხებს და იგი ერთობლივი ძალებით უნდა გადაწყდეს.

წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი თავშესაფარი მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, შედეგად კი, როგორც მიუსაფარ ცხოველთა, ისე მოქალაქეთა უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები მოგვარდება.
 

Comments
Loading...