- Advertisement -

საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ქალთადა ვაჟთა ეროვნული გუნდების სამოსზე კონკურსს აცხადებს

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს დიზაინერთა კონკურსს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსზე.

კონკურსის პირობები:
კონკურსში ღიაა როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები დიზაინერებისათვის;
ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 ესკიზი – ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმა;
კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერებელი და კომფორტული;
ესკიზები უნდა იყოს გასაგები – მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ქსოვილის ტიპი;
ნაკრების ფორმა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 კომპონენტისგან (შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს დამატებითი დეტალები კონკურსანტის მხრიდან):
ვაჟების შემთხვევაში – შარვალი, პერანგი, პიჯაკი (დამატებითი – ჟილეტი, ჰალსტუხი)
ქალების შემთხვევაში – ქვედა (ერთიანი კაბა, შარვალი, ბრიჯი, ქვედაბოლო), ბლუზონი ან პერანგი, პიჯაკი (დამატებითი – შარფი);
ნაკრების ფორმა უნდა იყოს საშემოდგომო (ოლიმპიადა იმართება შემოდგომაზე – 23 სექტქმბრიდან 6 ოქტომბრამდე);
მასალად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, შესაბამისად, ესკიზები ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას;
შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ეროვნული სიმბოლიკა (თუმცა, არ არის სავალდებულო).
კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს საქართველოს გერბი;
გასათვალისწინებელია კომპანია „სოკარის“ ლოგოს განთავსება მოხსნა-დამაგრების საშუალებით

გასათვალისწინებელი ფაქტორი:
სამოსი საშუალებას უნდა იძლეოდეს, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები ამ ფორმებით ახერხებდნენ როგორც ყოველდღიურ თამაშებს, ასევე ღირსეულად წარსდგნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე საქართველოს სახელით.
არჩეულ ესკიზში ჟიურის წევრებმა, შესაძლოა, შესწორებები შეიტანონ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დასაჩუქრდებიან ფულადი თანხითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე.

საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური:
დიზაინერები – იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე,
კონსულტანტები – თამარ და ბასა ფოცხიშვილები.

ჟიურის მუშაობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები;
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ნანა იოსელიანი.

საუკეთესო სამეულიდან (როგორც მამაკაცების, ასევე ქალების) საუკეთესოს კი საქართველოს მოსახლეობა სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგად აარჩევს ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე – batumi2018.

გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

Comments
Loading...