- Advertisement -

სენაკის მერი წარმატებულ სენაკელ ფალავანებს – გიორგი ჩხიკვაძეს და ლუკა ოჩიგავას შეხვდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, წარმატებულ სენაკელ ფალავანებს, ახალგაზრდებს შორის ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონს, გიორგი ჩხიკვაძეს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ლუკა ოჩიგავას და მათ მწვრთნელებს – ვალერი მურღულიასა და რამაზ კოკაიას შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერმა სენაკელ სპორტსმენებს მოპოვებული უდიდესი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

შეხვედრას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სასპორტო გაერთიანების დირექტორი ჯუმბერ ლაშქარავა და ამავე გაერთიანების დირექტორის მოადგილე ნუგზარ ძაძამია ესწრებოდნენ.

გიორგი ჩხიკვაძე 2008 წლიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა.

ჭაბუკთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონმა, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ევროპის ორგზის პრიზიორმა, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულმა, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელმა სენაკელმა ფალავანმა, გიორგი ჩხიკვაძემ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალურ შეხვედრაზე, უნგრელი ტოესმაგი, დამაჯერებელი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ჰიმნი მესამედ ააჟღერა.
სენაკელი ფალავანი ლუკა ოჩიგავა 10 წელია, რაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული, ლუკა ოჩიგავა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, შეხვედრის პირველივე წუთებში, ლუკამ, სრული უპირატესობით – 10:0, უნგრელი პოილეჩი დაამარცხა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს.

Comments
Loading...