- Advertisement -

სენაკის მუსიკალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

დღეს, სენაკის სამუსიკო ფესტივალი, ტრადიციული გალა-კონცერტით, საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის ფინალური ღონისძიება ,,სენაკის არტ-ფესტივალის“ დამფუძნებელმა, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ, ვალერიან შიუკაშვილმა გახსნა.
გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელოვნების აკადემიის VII რეგიონული ფესტივალის ლაურეატებმა – ნიჭიერებით გამორჩეულმა ნორჩმა მუსიკოსებმა.
ფესტივალის ფარგლებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიის 300-ზე მეტ მოსწავლეს მოუსმინა. რომელთაგან, ხელოვნების აკადემიის ლაურეატის საპატიო წოდებით სენაკის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, აბაშის, ზესტაფონის, საჩხერეს, ბაღდათის, ხონის, ლანჩხუთის, სუფსის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 30 ნორჩი მუსიკოსი დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ, ლაურეატის წოდების უპრეცედენტო რაოდენობა წელს სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო, საორკესტრო, საესტრადო, გიტარისტთა, ფოლკლორული განყოფილებებისა და ვიოლინოს კლასის მოსწავლეებს ხვდათ წილად.
საპატიო დიპლომები კი – 100 მოსწავლეს გადაეცა.
,,არტ-ფესტი 2021’’, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა, გრანდიოზული ფოიერვერკებით, მომავალი წლის ზაფხულამდე დაემშვიდობა ფესტივალის ერთგულ მსმენელებს.

Comments
Loading...