- Advertisement -

სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ,გოგი გოგილაშვილის განცხადებით, დილიდან დაიწყეს ზარალის დათვლაც შესაბამისმა კომისიებმა.

"კომისიის შემადგენლობაში შედიან იმ სოფლის რწმუნებულებიც, სადაც სტიქია იყო. ტექნიკა გასულია, ცენტრალურ გზაზე გრეიდერი მუშაობს, ანაგა- ვაქირშიც იწმინდება გზა. სოფელ ილიაწმინდაში ერთ ოჯახს სახლის კედელი ჩამოენგრა, ზოგს წყალი სარდაფებში შეუვარდა და მათ სახანძრო-სამაშველო სამსახური დაეხმარა.

ზარალს დავითვლით და დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავეხმარებთ. რაც შეეხება სავარგულებთან მისასვლელი გზების აღდგენას, ამას ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერ შევძლებთ. ასევე დაზიანებულია წყალმომარაგების სისტემებიც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა."- განაცხადა გოგილაშვილმა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი ჰერეთისკარი დააზარალა.

"სანიაღვრე არხებმა ჭარბი წყალი ვერ გაატარა და ეზოები დაიტბორა. გუშინაც ვიმუშავეთ, სუფთავდება სანიაღვრე არხები. რაიმე ინფრასტრუქტურული ზარალი, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტის არსებული ტექნიკა მუშაობას განაგრძობს."- აღნიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

Comments
Loading...