- Advertisement -

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, ანაგისა და ვაქირის მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვს

ადგილობრივების თქმით, სოფლებზე გამავალი სახელმწიფო მნიშვნელობის ე.წ. “აბრეშუმის გზა” საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ვიწროა და ავტომობილებს მანევრირება უჭირთ. მოსახლეობის თქმით, საკითხს ისიც ართულებს, რომ გაუწმენდავი სანიაღვრე არხებიდან წყალი საავტომობილო გზაზე იღვრება, ღამით იყინება და ხშირად ქმნის საავარიო სიტუაციას.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ბორდიურების არარსებობასაც აპროტესტებს. მათი თქმით, ვინაიდან ფეხით მოსიარულეთა ბილიკი არ არსებობს, იძულებულნი არიან საავტომობილო გზაზე იმოძრაონ და საფრთხე შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს.

“აქ გადის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მაგისტრალი „აბრეშუმის გზა“. მოძრაობს უშველებელი სატვირთოები, რომელიც ვერ ეტევა ვიწრო გზებზე და მოსახევევებში იქმნება საავარიო სიტუაციები, ეს ცალკე საკითხია და ამ ისედაც მძიმე მდგომარეობას ემატება გაუწმენდავი სანიაღვრეები, რომელიც ამოვსებულია მიწით და თითმის გადასწორებულია, ვერ ატარებს ნიაღვარს, ეს სოფლები მარაგდება მოძველებული 50-იანი წლების ზედაპირული წყლის მაგისტრალებით, რომლიდანაც წყალი უხვად იღვრება, სანიაღვრეების არ არსებობის გამო ეს წყალი ასფალტზე იყინება და იქმნება ავარიის საშიშროება. ყოველი ყინვიანი ღამე დიდი საფრთხეა ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდე ტრაილერის ქვეშ… ვინ აგებს პასუხს? ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე დაუცველ გარემოში, როგორ შეიძლება ასეთი გულგრილი და უპასუხისმგებლო იყოს ყველა საჯარო მოხელე”,- განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნინო გოგოლაშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, პრობლემის შესახებ მისთვის ცნობილია და მერია მოგვარების გზებზე აქტიურად მუშაობს.

“ამოვსებული სანიაღვრე არხების პრობლემა არა მხოლოდ ვაქირსა და ანაგაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძალიან ბევრ სოფელს აწუხებს. შიდა საუბნო გზებზე ჩვენ პერიოდულად ვახორციელებთ ხოლმე სანიაღვრეების შლამისა და ნაგვისგან ამოსუფთავებას. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, ეს საგზაო დეპარტამენტს ექვემდებარება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და გარკვეული პრობლემების შესახებ მათ წერილობით უკვე ვაცნობეთ. შესაძლოა, რომ საგზაო დეპარტამენტისგან ვითხოვოთ ნებართვა ამ პერიმეტრზეც მოვახდინოთ სანიაღვრეების გაწმენდა. ჩვენ პასუხისმგებლობას არასოდეს ვიცილებთ თავიდან”,- განუცხადა “აიპრესს” სიღნაღის მერმა, გოგი გოგილაშვილმა.

Comments
Loading...