- Advertisement -

სოფელ ვაჩნაძიანში აგვისტოს ომის გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ალექსი ნატროშვილის მემორიალური დაფა გახსნა.

“დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან ყველაზე მძიმე დღეა. ომმა, რომელიც 10 წლის წინ რუსეთმა დაიწყო, დაგვაკარგინა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და მამაცი, მებრძოლი ბიჭი.

10 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოდან და ე.წ "ბორდერიზაციის" სახით, ფაქტიურად ომი ისევ გრძელდება, ისევ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების თავგანწირვა სამშობლოსთვის იქნება ახალი და განმთლიანებული საქართველოს დასაბამი” – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის მერმა, მოადგილეებთან – სიმონ ქოჩორაშვილთან, ნიკოლოზ გეთიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე – ვანო ბერიძიშვილთან ერთად პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული კიდევ ერთი გმირის – სოსო ღვინიაშვილის საფლავს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად, დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 170 გმირი ჯარისკაცი, დაიჭრა 1747, იძულებით გადაადგილებულია 130 000 ადამიანი.

რუსეთის მიერ, დაბომბვის შედეგად, განადგურდა 53 სოფელი და 35 000 ადამიანის სახლი, დღემდე ოკუპირებულია 125-ზე მეტი სოფელი.

დღეს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

Comments
Loading...