- Advertisement -

სოფელ იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სამართლებრივ დავას იწყებს

იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა გურგენიძე, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ, სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე, სკოლის დირექტორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიმართა. დირექტორმა არასწორად მიიჩნია სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც პედაგოგი გურგენიძე უდანაშაულოდ ცნო. შიდა აუდიტის დასკვნით, სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობა არაჯეროვანად შეფასდა.

პედაგოგი კი აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი რესურცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ცუცქირიძის მხირდან არის მართული. 

"დირექტორმა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებასა და გენინსპექციიდან მოსულ დადგენილებაზე დაყრდნობით გამათავისუფლა. გენინსპექციიდან ჩემი გათავისუფლების კი არა, სამეურვეო საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მოვიდა. ასე გაბათილდა სამეურვეო საბჭოს ის დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მე მოსწავლე არ მიცემია.

ძალაში დარჩა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩემს გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. დისციპლინური კომიტეტის ოქმში წერია, რომ ექვსი წევრიდან ყველამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა. შემდეგ, რეალურად აღმოჩნდა, რომ ორ მშობელს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრი არავის აინტერესებს, როგორც ვატყობ სამინისტროშიც რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხარდამჭრები არიან. სკოლა დამოუკიდებელი ორგანოა, მაინტერესებს, რატომ მოითხოვა დისციპლინური კომიტეტის ოქმი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და რატომ გაეცნო? რატომ ერევიან გარეშე პირები სკოლის შიდა სამზარეულოში? ამ შემთხვევაში რესურცენტრის ხელმძღვანელს ვგულისხმობ, რომელიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.“- აცხადებს თეა გურგენიძე.

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე აღნიშნულ პროცესში ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ კანონმდებლობის თანახმად, რესურსცენტრი სკოლის გადაწყვეტილებაში, კადრის მიღება-გაშვებაში არ ერევა. პიროვნება საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით რესურსცენტრს დაადანაშაულებს, თუ კიდევ სხვა ვინმეს, ეს მისი გადაასაწყვეტია. ჩემი მხირდან მსგავსი რამ არ მომხდარა.“- განაცხადა ცუცქირიძემ.

გათავისუფლებული პედაგოგის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მოსწავლეები და მათი მშობლები საჯარო სკოლასთან აქციების დაწყებას აპირებენ.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში სდებდნენ ბრალს. პედაგოგი კი ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს და აცხადებს, რომ მოსწავლეზე არ უძალადია.

Comments
Loading...