- Advertisement -

სოფელ ნადაბურის ცენტრალურ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, ხარაგაულის სოფელ ნადაბურში მიმავალი გზის 6 კმ.-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. 

ნადაბურში რეაბილიტირებული გზა არასდროს ყოფილა, ამიტომ ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას სოფელში, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივითა და დიდი იმედებით ელოდებიან. 

ამ დროისთვის ნადაბურში ბეტონის დასხმის წინა სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი 727 502 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი, 5%-ს შეადგენს. 

გასულ წელს სოფელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სადაც 25 აღსაზრდელი გადის სკოლამდელ განათლებას და 7 ადგილობრივია დასაქმებული. 

მერის წარმომადგენელი ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ შუბითიძე ამბობს, რომ 40 წელია სოფელში ასეთი მასშტაბური პროექტები არ განხორციელებულა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კეთდება. 

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. მერის ინფორმაციით, 2018 წელს გზა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში მობეტონდება, რისთვისაც ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება. 

ნადაბურში სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, წყალამრიდები, საჭიროების ადგილებზე კეთდება გაბიონები. 

გზის მშენებლობის დაწყება ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემური თაბუკაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცვნენ. 

Comments
Loading...