- Advertisement -

სოფელ ცხუნკურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლების მიღება და მეტი დასაქმებული კადრი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია. უკანასკნელ წლებში მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რაოდენობა 14-დან 22-მდე გაიზარდა. დღეს, საბავშვო ბაღი სოფელ ცხუნკურში გაიხსნა.

სკოლამდელი დაწესებულების ამ ახალი კერის 19 აღსაზრდელს, მშობლებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, მერის მოადგილეებმა ზურაბ მაისურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა და ცხუნკურის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ლატავრა ბენდელიანმა მიულოცეს.

''მინდა მივულოცო სოფლის მოსახლეობას საბავშვო ბაღის გახსნა, აქამდე სოფელ ცხუნკურში ბაღი არ ფუნქციონირებდა და მშობლებს ქალაქში უხდებოდათ ბავშვების წაყვანა. მეტი ახალი ბაღი სოფლად ნიშნავს მეტ დასაქმებულს და პატარების მომავალზე ზრუნვას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არის სოფლები, სადაც მიგრაციის პრობლემა არ დგას''- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა.

''ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, უახლოეს მომავალში საბავშვო ბაღების გახსნას ვგეგმავთ სოფელ თერნალში, ქვიტირსა და ხომულში. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მომავალმა თაობამ მიიღოს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლება'' – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

სოფელ ცხუნკურში საბავშვო ბაღის შენობა 1989 წელს აშენდა და ათეული წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ობიექტის რეაბილიტაციისთვის 2015-2016 სოფლის მხარდაჭერის პროგრამებიდან 51 ათასი ლარი, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი დაიხარჯა. მოწესრიგდა სამზარეულო, სველი წერტილები და საბავშვო ბაღის ეზო. საბავშვო ბაღი 30 – მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 8 ადგილობრივი დასაქმდა.

Comments
Loading...