- Advertisement -

სოფელ ძიმითში კულტურის სახლი გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

საზეიმო გახსნას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი, გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სტუმრის სტატუსით – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის , სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე ა.(ა).ი.პ. კულტურის , სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არ იქნება პირველი პროექტი, რომელიც ძიმითში განხორციელდა. ამ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო სხვა პროექტებიც დაიწყება. უსახური შენობიდან მივიღეთ ადგილი, რომელიც მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს,“- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის, ასევე კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურებს.

ძიმითის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 21 მარტს დაიწყო. მოხდა შენობის სრული განახლება, გარე ფასადის და ინტერიერის მოწყობა. სამუშაოების ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა. დასაქმდა 30-მდე ადამიანი.

Comments
Loading...