- Advertisement -

სოფლების საბუის, ენისლის, გრემისა და ალმატის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

სოფლების საბუის, ენისლის, გრემისა და ალმატის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელ საბუის ტყიდან ხე-მასალის გატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ტყის მასიური გაჩეხვა სოფლებს სასმელი წყლის გარეშე დატოვებს.

"მოსახლეობის მოთხოვნაა შეწყდეს საბუის ტყიდან ხე-მასალის გადინება. ტყეს თუ გაჩეხენ, სარწყავს ვინ ჩივის და სასმელი წყალიც აღარ იქნება სოფლებში. ჩვენ კომპანია "ქართული ჯგუფის" წარმომადგენლებს ორი თვის წინ ვესაუბრეთ, ისინი ამბობენ, რომ ფართობი 2008 წელს 2025 წლამდე იჯარით აიღეს. როგორც მე ვიცი იანვრამდე დაახლოებით 800 კუბი მორის გატანა იგეგმება და ტრაქტორებიც ამოიყვანეს ადგილზე სამუშაოების დასაწყებად, ძირითადად იჩეხება წიფელი. მოსახლეობა ტყის გაჩეხვას არ დაუშვებს და შესაძლოა გზაც გადაკეტონ", – განაცხადა სოფელ საბუის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მამუკა ბერიაშვილმა. 

ყვარლის მუნიციპალუტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, არსებული პრობლემის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობეს, თუმცა უწყების პოზიცია ამ დრომდე არ არის ცნობილი. 

ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპანიისგან სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს. 

Comments
Loading...