- Advertisement -

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

საერთო კრებები უკვე დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩატარდა. პროცესებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულები. დაბა ფასანაურში შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებაზე მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელთა შორის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების გაკეთება, გარე განათების მონტაჟი და დაბა ფასანაურის ცენტრში ამბულატორიის მოწყობა დასახელდა. მსჯელობის შედეგად ადგილობრივებმა უპირატესობა საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას მიანიჭეს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს, მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. სოზარ სუბარმა და შალვა კერესელიძემ მოსახლეობას რეგიონებში სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი გააცნეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფას და სოფლის ტიპის დასახლებების გაძლიერებას წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი იმ პროექტებზე გაკეთდება, რომელიც ახალგაზრდა თაობას მშობლიურ სოფელში დარჩენის სტიმულს გაუჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Comments
Loading...