- Advertisement -

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო კონსულტაციები გამართა

"ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის თაობაზე საჯარო კონსულტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას.

საჯარო განხილვის პირველ ნაწილში კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა და კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მონაწილეებს გააცნეს კანონპროექტის და სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები, მეორე ნაწილი კი დისკუსიას და საჯარო კონსულტაციებს დაეთმო.

„კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დავგეგმეთ გასვლითი შეხვედრები და თითქმის ყველა რეგიონს მოვიცავთ, იმისთვის რომ ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, იყოს სრულყოფილი და ასახავდეს საზოგადოების განწყობას. თვითონ ის ფორმატი, რომ საჯარო განხილვები დაიწყო და მუხლობრივად მოხდება ყველა დეტალის გაანალიზება, მისასალმებელი და საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება გასათვალისწინებელია და სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის ინტერესი – რასაც ვაკეთებთ იყოს მოქალაქეების მიერ ინიცირებული და მათი აზრის ბოლომდე გათვალისწინება მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის და ასევე მასობრივი სპორტის განვითარების და ხელმისაწვდომობის სტრატეგიის საჯარო განხილვები გვაქვს დაწყებული. ბოლნისში დღეს გამართულმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სადაც შედგა დეტალური მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე. ორივე პროექტზე გამოითქვა წინადადებები და საბოლოო დოკუმენტის შედგენისას, მათი ასახვა და გათვალისწინება მოხდება“, – აღნიშნა კულტურის და სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო კონსულტაციები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემოსვლამდე, დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა და მასში ფართო საზოგადოების მოსაზრებების ასახვა. ასევე, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება.

საჯარო კონსულტაციები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. კომიტეტი უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგად გამოთქმული მოსაზრებებს შეგროვებასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენას.

Comments
Loading...