- Advertisement -

სუს-მა გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე და კიდევ ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის პასუხისგებაში მისცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და კიდევ ექვსი პირი. 

პასუხისგებაში მიცემულნი არიან: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბაჩუკაშვილი, განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი, იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინსიტრირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი, გურჯაანის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი, გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ქალაქ გურჯაანში დიმიტრი არევაძე.

ინფორმაცია "აიპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციასა და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებდა, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი.

აღნიშნული პირები კომისიაში შედიოდნენ, მათ სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და დასკვნა ისე შეადგინეს. განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Comments
Loading...