- Advertisement -

ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს

გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდა, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას


მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები.

მერაბ ჭანუყვაძე – „სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად აგრძელებს. კერძოდ, ტყის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. გურიაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 15 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლაც. ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“. 

ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.

Comments
Loading...