- Advertisement -

ფეიბოქსის აპარატის გატეხვის მცდელობისას დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოშია მოთავსებული

ფოთში, ნინოშვილის ქუჩაზე ფეიბოქსის აპარატის გატეხვის მცდელობისას, თავის არეში მიყენებული ჭრილობით პოლიციელი, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობას გადის.

როგორც „აიპრესს“ საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა, პოლიციელს თავის ტვინის შერყევა აქვს.

"პაციენტი შემოვიდა დილის 5სთ. 15 წთ-ზე თვითდინებით. გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა ჰემატომა შუბლის არეში. მისი დიაგნოზია – ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. პაციენტს უტარდება საჭირო მკურნალობა და დიაგნოსტიკა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის სასრაფო სამედიცინო ბრიგადამ დილიდ 4 სთ. 15 წთ-ზე შემოიყვანა. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, უგონო მდგომარეობაში იყო. რეანიმაციულ განყოფილებაში ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა პაციენტის რეფერირება, ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში, შემდგომი მკურნალობის მიზნით“-განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის ცენტრში, ფეი ბოქსის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მასთან პოლიციელი მივიდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელმა იარაღიდან გაისროლა, შედეგად ეჭვმიტანილი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფიში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიებას ფოთის პროკურატურატურა სსსკ-ის 333 მუხლის მესამე ნაწილით აწარმოებს.

Comments
Loading...