- Advertisement -

ფიჭვნარში მოსახლეობა სკვერის შემოღობასა და ზღვაზე გასასვლელის გადაკეტვას აპროტესტებს

აქცია მიმდინარეობს ქობულეთში ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობა მათ წინ მდებარე სკვერის შემოღობვას აპროტესტებს, რაც აქ ჩამოსულ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის და ზღვაზე გადასასვლელს უკეტავს. ადგილობრივები ითხოვენ, სანამ სასტუმროს მშენებლობა დაიწყება კომპანიამ მოსახლეობას ზღვაზე გადასავლელი ბილიკი გამოუყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ღობის საკუთარი ძალებით ღობის მონგრევას გეგმავენ.

"ჩაკეტილია ზღვაზე გადასასვლელი. ამ ტერიტორიაზე სადაც სასტუმროს მშენებლობა იწყება შემოღობონ ტერიტორია სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობს. უზარმაზარი ტერიტორიაა დაკავებული.ამბობენ რომ მშენებლობა მიმდინარეობსო, თუმცა რეალურად სამუშაოები გაჩერებულია.ზღვაზე მოსასვლელი გზა დაკეტილია. ჩვენ კი ტურისტებს ვერ ვღებულობთ",- აცხადებს სვეტლანა ოქროპირიძე.

აქციაზე მოგვიანებით მოვიდა ქობულეთის მერი და კომპანიის წარმომადგენელი. მირიან ქათამაძემ ადგილობრივებს კერძო საკუთრების დატოვებისკენ მოუწოდა. მშენებლობას აღნიშნულ ტერიტორიაზე "კრისტალ ბილდინგი" აწარმოებს, სწორედ ამ კომპანიას აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუქციონით გადასცა 2017 წელს 4 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ღობის გასწვრივ დამსვენებლებისთვის საფეხმავლო ბილიკები უკვე განთავსებულია, შემოღობილი ტერიტორია კი კერძო საკუთრებაა და აქ მოქალაქეების გატარება გამორიცხულია. მათივე განმარტებით 42 სართულიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ფიჭვნარში რამდენიმე თვეში ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება.

Comments
Loading...