- Advertisement -

ფოთის თეატრის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი მეორეჯერ ჩაიშალა

ფოთის სახელმწიფო თეატრის კაპიტალური შეკეთების საპროექტო მომსახურებაზე, ფოთის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მეორეჯერ ჩაიშალა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ დუნდუას განცხადებით, ტენდერში ამჯერადაც არავინ მიიღო მონაწილეობა.

"მსურველი არავინ არ იყო და არ შედგა ტენდერი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა – 30 ათასი ლარი, საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე შეესაბამება მოთხოვნებს. ამ თანხაში შესაძლებელია იმ სამუშაოების შესრულება, რაც ჩამოთვლილი იყო. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე გამოვაცხადებთ მესამეჯერ ტენდერს ,ან გამარტივებული ტენდერის კუთხით ვიმოქმედებთ. თუმცა ჯერ-ჯერობით კვლავ ტენდერის ჩატარება განხილვის სტადიაშია,“ – აღნიშნა თემურ დუნდუამ.

თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია გამოსავალს, სამხარაულის ექსპერტიზასთან პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმებაში ხედავს.

"ყოველდღე ველოდებით ინფორმაციას რა , როდის და როგორ გაკეთდება . ნამდვილად არ მეგონა და არც არავის თეატრში, რომ ამჯერადაც ჩავარდებოდა ტენდერი.ახლა ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ სწორი გამოსავალი იქნება გაფორმდეს ხელშეკრულება სამხარაულის ექსპერტიზასთან და ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს იმ შეკითხვას პასუხი , რომელიც საზოგადოებას ასე აწუხებს. იმედია ყველაფერი უმოკლეს ვადებში დასრულდება და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა ,“-ამბობს თეატრის დირექტორი.

შეგახსენებთ, 4 წლის წინ გახსნილი 11 მილიონიანი თეატრის ახალი შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. თებერვალის დასაწყისში, თეატრის ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა.როგორც მსახიობები ამბობენ, მსგავსი ინციდენტი ხშირად დაფიქსირებულა. დასი დღემდე შენობის ექსპერტიზის მოლოდინშია და სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს.

Comments
Loading...