- Advertisement -

ფოთის თეატრის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

"ფოთის სახელმწიფო თეატრის კაპიტალური შეკეთების საპროექტო მომსახურებაზე, ფოთის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა," – ამის შესახებ „აიპრესს“ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ დუნდუამ განუცხადა.

მისი განმარტებით ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა, რაც სავარაუდოდ პროექტისთვის გნსაზღვრული თანხის სიმცერეს უკავშირდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად, აპრილის დასაწყისში 30 ათასი ლარი გამოიყო.

„სამწუხაროდ ტენდერი ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო. ინფრასტრუქტურის სამსახურმა ანალოგიური ტენდერები მოიძია და ჩაშლის მიზეზების კვლევა ჩაატარა, სავარაუდოდ საქმე გვაქვს გამოყოფილი თანხისა და შესასრულებელი სამუშაოების შეუსაბამობასთან. მოგეხსენებათ, თეატრის შენობა რა სავალალო მდგომარეობაშია, იქ დიდი მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვმუშაობთ ტექნიკური დოკუმენტაციის დახვეწაზე და უახლოეს დღეებში ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება“, – აღნიშნა თემურ დუნდუამ.

თეატრის დირექტორი,თენგიზ ხუხია ამბობს, ტენდერის გამოცხადებამდე, საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირა მოსაზრება, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, შასასრულებელი სამუშაოებისთვის არასაკმარისი იქნებოდა.

როგორც ის ამბობს, რადგან ეს წინადადება არ გაითვალისწინეს ჩათვალა, რომ 30 ათასი წინასატენდერო გამოკვლევებიდან გამომდინარე განისაზღვრა, თუმცა მიღებულმა შედეგმა სულ სახვა რეალობა გამოავლინა. თენგიზ ხუხია თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გაკონტროლების ნაცვლად, საქმის კეთებით დაკავებას ურჩევს.

„როდესაც თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა ჩავთვალე, რომ ალბათ ბაზის კვლევა არის გაკეთებული და შესაბამისად მათ იციან რა თანხაა ამისთვის საჭირო. ბაზის კვლევა ნიშნავს იმას რომ, რამოდენიმე მსგავსი ორგანიზაციისგან იღებ ინფორმაციას თუ რა თანხაა საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, შემდეგ აკეთებ ფასთა კვოტირებას და აცხადებ ტენდერს. ჩვენ მაგალითად, რაიმე სახის მომსახურეობა რომ გვჭირდება ამ პოცედურებს გავდივართ და რათქმაუნდა აქცენტი კეთდება იმაზე, რომელი შემოგვთავზებს შედარებით იაფ და ხარისხიან წინადადებას – ეს ერთი. თავის დროზე, რომ არ გაკეთდა ექსპერტიზა, ანუ მერიის მიერ ექსპერტიზის გარეშე იქნა ახალი შენობა ექსპლუატაციაში გაშვებული ეს არის სერიოზული პრობლემა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.

მაგრამ ამ ხნის მანძილზე შეიძლებოდა ამის გამოსწორება და არ გამოსწორდა – ეს ნომერ მეორე პრობლემა. ის რომ ამდენიხანი გაიწელა ტენდერის ჩატარება ეს ნომერ მესამე პრობლემაა.ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას 3 თვე დასჭირდა, საკრებულოში რამდენჯერმე გადაიდო ეს საკითხი. აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულო კონკრეტული საკითხების გაგზავნა-გამოგზავნაში კი არ უნდა ხარჯავდეს დროს, ან ვინ რას დაწერს facebook-ზე იმის გაკონტროლებით არ უნდა ცდებოდნენ, საქმის კეთებაზე რომ იყვნენ ორიენტირებულები ეს აქამდე არ მივიდოდა. ტენდერი, რომ ჩატარდა და არავინ მიიღო მონაწილეობა ეს კიდევ ცალკე თემაა. მქონდა მათთან კომუნიკაცია და მითხრეს, ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ ტენდერს, მაგრამ შეიძლება იგივე შედეგი მივიღოთ",- აცხადებს თენგიზ ხუხია.

შეგახსენებთ, 4 წლის წინ გახსნილი 11 მილიონიანი თეატრის ახალი შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. თებერვალის დასაწყისში, თეატრის ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა.როგორც მსახიობები ამბობენ, მსგავსი ინციდენტი ხშირად დაფიქსირებულა. დასი დღემდე შენობის ექსპერტიზის მოლოდინშია და სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს. დღეს ფოთის თეატრი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე, იასმინა რეზას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – "ხრამუნა"-ს წარადგენს.

Comments
Loading...