- Advertisement -

ფოთის მერიამ ვალდებულებების დასაფინანსებლად ფინანსთა სამინისტროსგან სესხი აიღო

ფინანსთა სამინისტრომ ფოთის მუნიციპალიტეტის განცხადება სესხის გამოყოფის თაობაზე დააკმაყოფილა. საუბარია 3 მილიონ ლაზე, რომელიც მერიამ ვალდებულებების დასაფინანსებლად მოითხოვა. თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით ფოთს, განცხადებაში მითითებული 3 მილიონის ნაცვლად, 2 500 000 ლარის უპროცენტო სესხი დაუმტკიცდა. გადახდის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 1 აგვისტო დასახელდა.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივ ბიუჯეტში საერთო შემოსავლების მნიშვნელოვან პროცენტს, ზაფხულის დასაწყისში ელოდებიან, ამ ხნის მანძილზე კი შექმნილი ფინანსური ვაკუუმის დასაფარად, უპროცენტო სესხის აღება აპრობირებული მეთოდია:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთო შემოსავლების 60,1%-ის გადახდის ვადის პერიოდი არის ივნის-ივლისი. საანგარიშგებო წლის პირველ კვარტალში და შემდგომი 2 თვე იქმნება ფინანსური სიძნელეები, ვინაიდან სხვა შემოსავლები სრულად ვერ უზრუნველყოფენ ბიუჯეტით დაგეგმილი ვალდებულებების დაფინანსებას. სწორედ აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიქმნა აუცილებლობა, მომავალი პერიოდის შემოსავლების გათვალისწინებით, მიგვემართა ფინანსთა სამინისტროსათვის მოკლევადიანი უპროცენტო სესხის გასაფორმებლად. დღეისათვის, უპროცენტო სესხი გაფორმებულია 2500,0 ათ. ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მიემართება ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დასაფინანსებლად. ფინასთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი უპროცენტო სესხი დაიფარება მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რაც უზრუნველყოფილი იქნება სავადო პერიოდებში შემოსული ქონების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის მობილიზებით.“

ცნობისათვის, ფოთის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათას ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. რაც შეეხება ტრანსფერს, წელს ფოთმა 4,5 მილიონი ლარი მიიღო, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა.

Comments
Loading...