- Advertisement -

ფოთის ნავსადგურში “ღირსეული პარტნიორი 2018”-ში მონაწილე გერმანული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა

ფოთის ნავსადგურში „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოსვლის შემდეგ, ორი დღის შუალედით, ამჯერად, გერმანული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. მათივე ინფორმაციით, წლევანდელ სწავლებაში გერმანული მხარე უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვნად გაზრდილია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა.
ვაზიანში, V საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ტექნიკაც.

გერმანული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკით არის დაკომპლექტებული, საზღვაო გზით ქალაქ ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი, ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

Comments
Loading...