- Advertisement -

ფოთის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს ერთ ოთახში ძინავთ, ჭამენ და ერთობიან

ფოთში მე-8 საბავშვო ბაღი, უკვე მეორე წელია ავარიული შენობის გამო, ერთ-ერთ საბავშვო ბაღშია შეკედლებული. როგორც მშობლებმა „აიპრესთან“ განაცხადეს, პატარები შევიწროებულად არიან და ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებიან.

მათ დახმარებისთვს არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მდგომარეობა უცვლელია.

"ერთ პატარა ოთახში, რომელიც დაახლოებით 15 კვადრატული მეტრია, 20 ბავშვზე გათვლილი 15 საწოლია მოთავსებული. აქ ბაშვები როგორც იძინებენ, ასევე საკვებს მიირთმემევენ და აქვე ერთობიან. ოთახში სამი მაგიდა დგას, სადაც პატარები მოხერხებულად ვერ თავსდებიან. ბავშვები ძალიან მეცოდებიან, უკვე მეორე წელია ასე არიან შევიწროებულად, ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებიან", – ამბობს ერთერთი აღსაზრდელის ბებია ბელა ჩხაიძე.

სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების უფროსის, მარგო ჯანიაშვილის განაცხადებით, ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და პრობლემის დადებითად გადაწყვეტას უახლოეს მომავალში ელოდება: „შევხვდი მერის მოადგლეს ბატონ გიორგის, მან კონსულტაცია გაიარა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩართულია რეგიონალური განვითარების ფონდი და ეს პრობლემა აუციებლად ამ ზაფხულში გადაწყდება“.

მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის განმარტებით, დაგეგმილია ახალი შენობის აგება, რომელიც 100 ბავშვზე იქნება გათვლილი, თუმცა როდის დაიწყება ეს პროცესი, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

"ჩვენთვის ეს პრობლემა ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ერთ ბაღში გახლავთ მერვე ბაღის ადმინისტრაცია განთავსებული, აქედან გამომდინარე რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან ერთად მიდის აქტიური მოლაპარაკებები, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს სრულიად ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი შენობის აგება. შესაბამისად ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ჩართულია ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს არსებული პრობლემის აღმოფხვრა. მოგეხსენებათ ეს ძალიან მაღალ თანხებთან არის დაკავშირებული, ადგილობრივ ბიუჯეტს ამისი რესურსი ამ ეტაპზე არ გააჩნია, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდეს რეგიონალური ფონდიდან შესაბამისი თანხის გადმოცემა", – განაცხადა ფარეშიშვილმა.

Comments
Loading...