- Advertisement -

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ “უსაქმურთა ხროვად” მოხსენიების გამო ზომების მიღება მოითხოვა

ფოთის საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომაზე, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ექსპერტიზის და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო გეგმის დასაფინანსებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათ. ლარი განისაზღვრა. საკითხის ერთხმად დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით, სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც თეტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, საჯარო მოხელეებს უსაქმურთა ხროვად მოიხსენიებს.

„პირდაპირ მივმართავ თეატრის ხეძღვანელობას, რომ გაესაუბროს თავის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს წევრები კორექტულად მოხსენიონ საჯარო კომენტარებში. არ მინდა ეს მსჯელობა სხვა ფორმებში გადავიდეს, ამ ქალაქში ყველა ერთმანეთს ვცემთ პატივს, ყველანი ვემსახურებით საქართველოს , ჩვენს ქალაქს და აქედან გამომდინარე, კულტურაში , სპორტში და დანარჩენ დარგებში არსებულ პრობლემას. უხერხულია პირადად ჩემთვის, სკრებულოს ასეთი შეფასება. ყველას მოვუწოდებ, პირადი შეურაცხოფებისგან თავი შეიკავოს“.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შინაარსის კომენტარი მართალია არაკორექტულია მაგრამ, თეატრში წლების მანზილზე დაგროვილი პრობლემების იგნორირებამ გამოიწვია:

„თეატრის ახალ შენობას სამწუხაროდ ჩვენს შესვლამდე ექპერტიზა არ ჩატარებია, მერიამ 2014 წელს ვიზუალური დათვალიერების დონეზე გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი. არსებული ხარვეზების მოგვარება ამ ხნის მანზილზე ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ მივიღეთ ის შედეგი რაც არ უნდა ყოფილიყო. სამი თვეა თეატრში მუშაობა შეჩერებულია და ველოდებით როდის განიხილავს საკრებულო ექსპერტიზის დაფინანსების საკითხს. შესაბამის სამინისტროებში ელოდებიან დასკვნას, თუ რა თანხაა საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.რაც შეეხება სოციალ ქსელში გაკეთებულ კომენტარს, რა თქმა უნდა არ იყო საჭირო ამ სახით უკმაყოფილების გამოთქმა, ვურჩევ ყველას ამით არ დაკავდეს და არ გაერთოს, თუმცა ეს კომენტარი, შეიძლება არაკორექტულია, მაგრამ თეატრის ირგვლივ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაიწერა”.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, თეატრის ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. თეატრის დირექციამ, შენობის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე მუშაობა გაურკვეველი ვადით შეწყვიტა.დასი დღემდე ექსპერტიზის ჩატარების მოლოდინშია.

Comments
Loading...