- Advertisement -

ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ფოთის საკრებულოს მე-15 რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დებატები ქალაქის ცენტრში 170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისების საკითხმა გამოიწვია.ოპოზიციის მტკიცებით, ახალმა მეპატრონემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პროექტი, სადაც მითითებული იქნება თუ რის აშენებას აპირებს ამ ტერიტორიაზე.

ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა შენიშვნა გამოთქვეს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციები, საშუალებას არ იძლევა, ჯამრთელობის პრობლემის მქონე შეჭირვებულ ადამიანებს, ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხით დაეხმარონ.

„ ქალაქის ცენტრში ასხვისებენ მიწას და არ იციან რა უნდა გაკეთდეს იქ. საერთოდ რა იციან ამათმა. რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს ქალაქის ცენტრში მიწა და იქაც არ იციან რა უნდა აშენდეს. სარეკრეაციო ზონაა და აპირებენ სამრეწველო ზონად გადააკეთონ. ქალაქის შუაგულში შეიძლება ეს გაკეთდეს?! ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ. არასოდეს არაფერზე არააქვთ პასუხი, ისე იქცევიან ვითომ საკუთარ სახლში აკეთებდნენ. ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ, ოპოზიცია რომ ელაპარაკება, მტრად აღიქვამენ, ამიტომ უნდა მოვიდეს ისეთი ვისაც გული შესტკვა ამ ქვეყანაზე და ვისაც შეუძლია საქმის კეთება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში, დარეჯან ცხვიტარიამ. 

საკრებულოს თავმჯდომარემ , ირაკლი კაკულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საკრებულო ჩვეულებისამებრ, კანონის დადგენილი წესის ფარგლებში მოქმედებს:

„როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ჩათვალა საჭირო, ხდება საკრებულოსთან შეთანხმება მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე. წინასწარ არავინ იცის, ვინ იქნება ამ ფართობის მესაკუთრე, რადგან აუქციონის წესით მოხდება გაყიდვა. რაც შეეხება ჯანდაცვის საკითხს, არსებული ბიუჯეტის პირობებში, მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი გავუმართოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა კაკულიამ.
მე-15 რიგგარეშე სხდომას, საკრებულოს 25 წევრიდან 17 ესწრებოდა.

Comments
Loading...