- Advertisement -

ფოთი საზღვაო სეზონს წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა

ფოთი საზღვაო სეზონს, წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. მალთაყვის განახლებულ სანაპირო ზოლზე, სადაც პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 4 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, დამსვენებლებისთვის ჯერ კიდევ არ არის ელემენტარული პირობები შექმნილი, საშხაპეები მოუწესრიგებელია, საპირფარეშოში ანტისანიტარიაა. თუმცა, ქალაქის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით აქ უფრო შეიმჩნევა ხალხმრავლობა, რადგან ადგილობრივების მტკიცებით, მალთაყვაში ზღვის წყალი უფრო სუფთაა.

„ფოთს აქვს ყველაზე გრძელი სანაპირო , თან ქვიშიანი , რაზეც ბევრი ქვეყანა ოცნებობს. როგორც გავიგე , ჯერ კიდევ მიმდინარეობს მშენებლობა და საკმაოდ ბევრიც დახარჯულა. ჯერჯერობით არ ეტყობა ხარჯი. დაწმენდითი სამუშაოებია საჭირო, კარგი იქნება, თუ საპირფარეშოები რანდენიმე ლოკაციაზე განთავსდება და მხოლოდ ცენტრალური არ იქნება, ასევე სამაშველო სივრცე, ხალხი სხვა ადგილებშიც ცურავს ზღვაზე. ასევე კარგი იქნება, თუ სანაპირომდე მისასვლელი გზა, სამანქანოსთან ერთად ქვეითად მოსიარულეეებისთვისაც მოეწყოს. ვგულისხმობ გზას პლიაჟის პარალელურად. ძალიან პერსპექტიული ადგილია და , ვიმედოვნებ, რომ ხარჯები სათანადოდ აისახება“_ ამბობს ფოთის მკვიდრი, სტუდენტი, გიორგი დუნდუა.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მალთაყვის სანაპიროზე ამჯერად მეორე ეტაპის სამშაოები მიმდინარეობს და ობიექტი არ არის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული, შესაბამისად სველი წერტილების გაუმართაობაზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ.

ცნობისათვის, მალთაყვის სანაპირო ზოლზე, მეორე ეტაპის სამუშაოების მიხედვით, ბულვარის სიგრძე 800 მეტრით გაიზრდება. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სკვერები,დამონტაჟდება გარეგანათება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ფოთს 7 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი ექნება.პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

საკურორტო-დასასვენებელი ზონის მოლოდინში, ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ. ცალკეული ადამიანების თქმით, ზღვის წყალთან კონტაქტაქტის შემდეგ, სხეულზე შეშუპება ან გამონაყარი აღენიშნებათ.

„მე და ჩემი მეუღლე ვსეირნობდით კუნძულის სანაპიროზე, არ გვიბანავია, მეუღლემ უბრალოდ ხელი ჩაყო ზღვაში და რამდენიმე წუთში გაუსივდა, შემდეგ სახეზე მოისვა ხელი და ტუჩები გაუსივდა.მგავსი რამ აქამდე არასოდეს მოსვლია“_ აცხადედებს სოფო ნოზაძე.

ლაბორატორიული კვლევის ცენტრში, ზღვის დაბინძურების ფაქტს უარყოფენ. როგორც „აიპრესთან“ ცენტრის დირექტორმა, გია რუხაძემ განაცხადა,ზღვის წყალი, ივნისის თვიდან ორჯერ შემოწმდა და ყველა ბაქტერიოლოგიური მაჩვენებელი ნორმაშია.

„არიან ადამიანები, რომლებსაც ცივ წყალთან კონტაქტის დროსაც ალერგია ემართებათ, წითლდებიან, ქავილი ეწყებათ. ეს ალერგიული მოვლენაა და არა მიკრობული. თუ რაიმე სეჭვო დაფიქსირდა,ჩვენ ვერავინ მოგვასწრებს ამის თქმას,იმიტომ რომ ექიმები ვართ და მოსახლეობის დაცვა ჩვენი პიდაპირი მოვალეობაა. ორჯერ იყო უკვე აღებული ზღვის სინჯები, ოთხი სვადასხვა საკონტროლო წერტილიდან, როგორც მიკრობიოლოგიურ, ასევე ქიმიურ მაჩვენებლებზე და შედეგები დამაკმაყოფილებელია, ნორმის ფარგლებშია ყველა მაჩვენებელი. “__ განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა, გია რუხაძემ.

Comments
Loading...