- Advertisement -

ფოთში ავარიული გზების დაგრეიდერება მიმდინარეობას

ფოთში, საკანალიზაციო პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების პარალელურად, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საავტომობილი გზების დაგრეიდერება მიმდინარეობს. როგორც „აიპრესთან“ მერიის პრესცენტრში განაცხადეს, ამ ეტაპზე განსაკუთრებულად სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქუჩები იქნა შერჩეული. სამუშაოები მალთაყვის უბნიდან დაიწყო და დანარჩენ უბნებში ეტაპობრივად გაგრძელდება:

„მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, შპს "აფო"-მ გაიმარჯვა. პირველ ეტაპზე, ქუჩები მოსახლეობის თხოვნის და განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. დაგრეიდერება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 ათას 177 ლარით (დღგ-გარეშე) ფინანსდება. სამუშაოები მალთაყვის უბანში -ჭყონდიდელის,ქორქიას,მეუნარგიას ქუჩებზე განხორციელდა“.

შეგახსენებთ, ფოთში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა. გადაადგილების პრობლემა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, როგორც მძღოლებს ასევე ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კუთხით პასიურობას იმით ხსნიან , რომ ასფალტის ახალი საფარის დაგება , საკანალიზაციო პროექტის დასრულებამდე ვერ მოხერხდება, რადგან მილების დამონტაჟების დროს ქუჩები გადაითხრება, რაც ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. ამ შინაარსის განცხადება პირველად დაახლოებით 2015 წელს გაჟღერდა, როდესაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, საკანალიზაციო პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა პირველი ეტაპის სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და მიმდინრე პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, ჰოლანდიურმა კომპანია „TAHAL Group BV“-მა აიღო ვალდებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელის და სატუმბი სადგურების მოწყობაზე. სამუშაოების ღირებულებას 89 943 800 ლარს შეადგენს.მას აზიის ბანკი დააფინანსებს.

Comments
Loading...