- Advertisement -

ფოთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს ფოთში, დევნილთა დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია, მერი გოჩა კურდღელია და ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ვინსენტ დონტოტი ესწრებოდნენ.

„ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივლისში პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. ეს იქნება პირველი საბავშვო ბაღი მალთაყვის უბანში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის. საბავშვო ბაღი პროექტ _ „გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე დასავლეთ საქართველოს ერთ კომპაქტურ დასახლებაში განსახლებულ დევნილთათვის“ ფარგლებში აშენდა“ _ აღნიშნა ვინსენტ დონტოტმა.

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ობიექტის მშენებლობა ნაწილობრივ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ საკუთარი ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა და ის 100-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვს უმასპინძლებს: „დასახლებაში, რომელიც გრძელვადიანი განსახლების პრობლემის მოგვარების მიზნით, 2011 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, 1 200-ზე მეტი ძირითადად აფაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აქ დღემდე არ ფუნქციონირებდა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება. საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მომზადებას“.

მიმდინარე წლის დასაწყისში შემოღობვითი და მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთების სამუშაოები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და დევნილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ასევე წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფა. ფოთის მერია თავად განახორციელებს სკოლამდელი დაწესებულების მართვა-გამგეობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე და ასევე, უზრუნველყოფს საბავშვო ბაღში, მალთაყვის უბანში მცხოვრები, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

Comments
Loading...