- Advertisement -

ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ფოთის მერის ორგანიზებით, საინიციატივო ჯგუფის წევრები, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების (შპს „ზღვის პროდუქტები“ და შპს „მბმ“) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი მძიმე სუნი, უკიდურესად შეურაცხმყოფელია მთელი ქალაქის მოსახლეობისათვის.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა ,რომ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა, მისივე თქმით ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები იქნა აღებული ,პასუხები კი 10 დღეში გახდება ცნობილი.

მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ქარხნის წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან როგორც მან განმარტა ფოთის მოსახლეობა იმდენად არის გაღიზიანებული, რომ ამ პრობლემას შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს.

ქარხნის მეპატრონეებმა პირობა დადეს, რომ მომავალი სეზონისთვის ფოთის მოსახლეობას თევზის უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებს.თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

„ყველანაირად ვეცადეთ აკადემიურ რეჟიმში გადაგვეყანა ეს შეხვედრა. გვესმის, რომ წელს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუ კი მომავალი სეზონისთვის ეს პრობლემა ისევ მოუგვარებული დარჩება , ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს იმ აგრესის და მუხტს რაც მოსახლეობაშია დაგროვილი“ _ განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია სოციალური თანასწორობისათვის“ წარმომადგენელმა ია თოდუამ.
შეგახსენებთ, ქალაქში ოთხი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს,მათი ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია, ასევე ისინი ცოცხალი თევზის რეალიზაციასაც ეწევიან .

Comments
Loading...