- Advertisement -

ფოთში მოსახლეობამ მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა, მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, ქუჩის ბოლოში ინდუსტრიული ზონაა და რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა ნივთიერების ტვირთის ტრანსპორტირება ხორციელდება.

"ამ ქუჩაზე მძიმე წონიანმა მანქანებმა არ უნდა იმოძრაოს. სახლები დაიბზარა. ტვირთებიც, როგორც ვიცით რაც გადააქვთ, შხამ-ქიმიკატებია, და ადამიანის ჯანმრთლობას ზიანს აყენებს. ამას განვიცდით, რადგან მე თითონაც ცუდად ვარ. ბოლო ხუთი წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ამას უნდა მოეღოს ბოლო. ასფალტიც გზაზე უხარისხოდაა დაგებული,“-განაცხადა აქციის მონაწილემ, ლეილა ქანთარიამ.

ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთით გადაადგილება შეფერხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობას ფოთის მერის პირველი მოადგილე, მამუკა პაპასკირი შეხვდა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიულ გზებს ეძებს: ,,ჩვენ ახლა ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, რათა სატვირთო მანქანების გდანაწილება მოხდეს და ერთ ქუჩაზე შემცირდეს მათი ნაკადი,“-განაცხადა ვიცე-მერმა.

Comments
Loading...