- Advertisement -

ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა შეფერხებებით მიმდინარეობს

ფოთში, საუკუნის პროექტად წოდებული, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას, ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP-ი ახორციელებს. ტენდერი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გამოაცხადა და TAHAL GROUP-მა ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

სამუშაოებისთვის, აზიის განვითარების ბანკმა 133 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ჯერ-ჯერობით მშენებლობის ნახევარიც არ არის შესრულებული. ქლაქის ქუჩები კი გადათხრილია, რაც ადგილობრივებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

საკრებულოს წევრის, დავით ხომერიკის განცხადებით, თუ არ მოხდა არსებული სიტუაციის გამოსწორება, ქალაქს კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს გადათხრილი ქუჩების პირობებში ცხოვრება.

“შესრულებული სამუშაოები ვადებში არ ესწრება, სატენდერო დოკუმენტაციში მითითებულ გრაფიკს სერიოზულად ჩამორჩებიან, რამაც გამოიწვია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, რომელიც დაგეგმილი ქონდა თვითმმართველობას. მაგალითად ეს არის გზების რეაბილიტაცია და სხვა პროექტები. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკანალიზაციო მილების ჩადებასთან ერთად, უნდა გაშენდეს 32 სატუმბი სადგური, დღემდე არცერთი სატუმბი სადგური არ არის დაწყებული, ქალაქს კიდევ რამოდენიმე წელი მოუწევს გადათხრილი ქუჩების პირობებში ცხოვრება.

მოგეხსენებათ, ტენდერი წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა, მაგრამ მგონია, რომ ამ პროცესში ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობა უფრო მეტი უნდა იყოს და უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ქონდეს იმ ორგანიზაციასთან, ვინც ეს ტენდერი გამოაცხადა. თუნდაც იმ სამინისტროსთან, რომელიც კურირებდა ამ პროექტის განხორციელებას. თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ სავალალო შედეგს. არაფერს არ ვლაპარაკობ ხარისხზე, რაც მას შემდეგ გამოჩნდება, როდესაც ქსელი ექსპლუატაციაში გაეშვება და მგონია, რომ იქაც სერიოზული პრობლემები გვექნება” _ განაცხდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა საკრებულოში დავით ხომერიკმა.

ჩვენი მხრიდან მიუხედავდ არაერთი მცდელობისა TAHAL GROUP-ის ადმინისტრაციასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მათ საკონტაქტო ნომერზე მუდმივად დაკავებაა.

Comments
Loading...